Sonntag, 21. April 2013

საქართველოს თანამედროვე ისტორიის საკითხისათვის


1


საბჭოთა კავშირის დაშლამ მსოფლიოს გეოპოლიტიკური კონფიგურაცია მეტნაკლებად შეცვალა. ეს გარემოება დაპირისპირებულ სოციალ-პოლიტიკურ სისტემათაგან ერთის მარცხისა და მეორის გამარჯვების შედეგია. რაც, თავის მხრივ, ცალსახად გამარჯვებული სისტემის სიცოცხლისუნარიანობაზე მეტყველებს. ამგვარი ვითარება, ერთი შეხედვით, სისტემური ცვლილებების მომასწავებელი უნდა ყოფილიყო საქართველოშიც....
ნიშანდობლივია, რომ როდესაც საბჭოთა იმპერიის დაშლაზე ვსაუბრობთ ძალაუნებურად ვგულისხმობთ ბევრად მეტს, ვიდრე ეს სინამდვილეში მოხდა. რეალობა კი იმაში მდგომარეობს, რომ დაიშალა მხოლოდ ერთიანი საკავშირო პარტიული აპარატი, ერთიანი საკავშირო საბჭოთა არმია, ხოლო სოციალურ-პოლიტიკური სისტემა კი იმპერიის სივრცეში ისევ უცვლელი დარჩა. შექმნილ რეალობას თანამედროვე პოლიტოლოგიურმა მეცნიერებამ შესაბამისი ტერმინი - „პოსტსაბჭოთა სივრცე“ შეურჩია.
ეს იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირის პერიფერიაზე აღმოცენებულმა სახელმწიფოებმა თავიანთი განვითარების უკანასკნელი 20 წლის მანძილზე, მრავალი ეროვნული თავისებურებების მიუხედავად, ჯერ კიდევ ბევრი რამ საერთო შეინარჩუნეს. ძირითადად ეს ყბადაღებული „Homo Soveticus”- ის მენტალური მემკვიდრეობა გახლავთ. არავითარ დავას არ იწვევს ის მოსაზრებაც, რომ რუსეთი, როგორც საბჭოთა იმპერიის გამგრძელებელი და მემკვიდრე, რომლის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ძირითად მიზანსა და საკრალურ ამოცანას 1991 წელს შემდგარი სეცესიის დაძლევა წარმოადგენს, სხვა მრავალთან ერთად, სწორედ ამ გარემოებას იყენებს ახალ სახელმწიფოებზე ზეწოლისა და პრაქტიკულად მათი მართვა-გამგებლობის საშუალებად... უფრო მეტიც, სწორედ ეს გარემოება უნდა მივიჩნიოთ პოლიტიკური სისტემის შენარჩუნების საფუძვლად საბჭოთა იმპერიის საზღვრებში. აღნიშნულმა მენტალურმა მემკვიდრეობამ ყოველ ხალხში ბალტიის ზღვიდან ჩინეთის საზღვრამდე ისტორიული თვითმყოფადობის გათვალისწინებით სხვადასხვა გამოვლინება ჰპოვა. და თუკი ბალტიის სახელმწიფოებმა ეს მემკვიდრეობა შედარებით ადვილად დაძლიეს და პოსტსაბჭოთა პოლიტიკური სივრცისა და სისტემისათვის თავის დაღწევა შესძლეს, შუა აზიის ქვეყნებში ეს საკითხი ჯერაც არ გამხდარა განსჯის საგანი. ამ თვალსაზრისით საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენს. ვინაიდან ამ ერთი შეხედვით პროგრესულ კავკასიურ რესპუბლიკაში მიმდინარე პროცესები, არსებული ფორმალური და ფაქტობრივი გარემოებების შეუსაბამობა მკაფიოდ მიუთითებს მენტალურ
2
„ცვლილებებზე“ პოსტსაბჭოთა სივრცეში ზოგადად და შესაბამისად რუსეთის სტრატეგიის ძლიერსა და სუსტ პოზიციებზე.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს უახლესი ისტორიის ანალიზი უაღრესად დროულ და საჭირო საქმედ გვესახება. ძირითადი კითხვა რასაც პასუხი უნდა გაეცეს კი იმაში მდგომარეობს, თუ რატომ რჩება საქართველო დეკლარირებული საგარეო კურსის მიუხედავად ჯერ კიდევ ე.წ. „პოსტსაბჭოთა სივრცის“ ნაწილად, თუ რამ განაპირობა ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმატებული გამიჯვნა და შესაბამისად დამოუკიდებლობაც? ამიტომაც შეგნებულად ვარიდებთ თავს ბოლო ოცწლეულის ნარატიულ გადმოცემას და გვინდა ძირითადი ყურადღება ქართულ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების გააზრებას დავუთმოთ.
იმისათვის კი, რომ მიმდინარე პროცესის ადეკვატური შეფასება შევძლოთ სოციოლოგიური და ისტორიული ექსკურსი მოგვიწევს. სოციოლოგიური იმდენად, რამდენადაც, სოციოლოგია, როგორც ისტორიული მეცნიერების წიაღიდან აღმოცენებული, დღეს უკვე დამოუკიდებელი დისციპლინა დაკავებულია აწმყოს შესწავლით, ისტორია კი წარსულის. მიუხედავად ამ განსხვავებისა ორივე დისციპლინა ადამიანსა და მის ქმედებებს სწავლობს. ადამიანის ქმედება კი წარმოუდგენელია დროის კატეგორიის გარეშე, ამდენად დროის კატეგორია არის ის, რაც ამ ორ დისციპლინას აერთიანებს. საზოგადოდ ცნობილია, რომ კითხვები წარსულის მიმართ აწმყოდან გამომდინარეობს, აწმყოს შეცნობა კი წარსულის გარეშე შეუძლებელია. სხვა სიტყვებით - ისტორია სოციოლოგიის გარეშე ბრმაა, ხოლო სოციოლოგია ისტორიის გარეშე ცარიელი1.
შედარებითი ანალიზისათვის დაკვირვების ობიექტად სოციალური თანაცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი - სოციალური კონფლიქტი ავირჩიეთ. იმ მარტივი გარემოების გამო, რომ კონფლიქტი ბევრად უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს არსებულ სოციალურ ვითარებასა და ურთიერთობებს, რაც თავის მხრივ თანამედროვე ქართული რეალობის განვითარებულ სამყაროსთან არა მხოლოდ შედარების, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე პროცესების განზოგადების საშუალებასაც იძლევა.
საქართველოს ისტორიის უკანასკნელი ოცწლეულის უმთავრეს შედეგად ის გარემოება უნდა იქნას მიჩნეული, რომ სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი ატრიბუტიკისა და გარეგანი ფორმების მიუხედევად, საქართველო დღეს მხოლოდ ფორმალურად არის დამოუკიდებელი და ასევე ფორმალურად წარმოადგენს სახელმწიფოს თანამედროვე გაგებით. იგი არაფრით პასუხობს სახელმწიფოებრივად შეკრული საზოგადოების მოთხოვნებს. უფრო მართებული იქნებოდა გვეთქვა, რომ ლენინიზმის საუკეთესო ტრადიციებში იგი პერმანენტული რეფორმიზმის მქადაგებელ „ზედამხედველ სახელმწიფოდ“ ჩამოყალიბდა.
1 Hans Ulrich Wehler, Historische Sozialwissenschaft und Geschichtsschreibung, (Studien zu Aufgaben und Traditionen deutscher Geschichtswissenschaft), Vandenhoek & Ruprecht, Göttingen, 1980, გვ. 43
3
ამასთან, საქართველოს ისტორიის უკანასკნელი ოცწლეული ერთმნიშვნელოვნად დეზინტეგრაციის პროცესის ისტორიად უნდა იქნას შეფასებული. დეზინტეგრაციის პროცესისა, რომელიც ორ ძირითად მიმართულებაში გამოვლინდა:
 პოლიტიკური, ანუ რეგიონალური დეზინტეგრაცია - სამოქალაქო ომისა და კონფლიქტების შედეგად შემდგარი სეცესია.
 სოციალური დეზინტეგრაცია - გასაზოგადოების პრობლემა.
ამ შემთხვევაში უფრო მართებული იქნებოდა გვესაუბრა საზოგადოებრივი, ანუ სოციალური ინტეგრაციის არარსებობაზე, რომლის შედეგები ჯერ რეგიონალურ კონფლიქტებში, ხოლო მოგვიანებით კი სოციალურ ანომიაში გამოვლინდა.
სოციოლოგიური მეცნიერება ინტეგრაციას ორ საფეხურად განიხილავს. პირველი საფეხური ე.წ. სოციალური ინტეგრაციაა, რომლის ძირითად პროდუქტად სოციალური სისტემა - საზოგადოება, ხოლო შემადგენელ ელემენტად და ასევე პროცესის შემოქმედად პიროვნება, ანუ ინდივიდი ითვლება. გასაზოგადოების თეორიის ფუძემდებლად „ბურჟუაზიულ მარქსად“ წოდებული, სოციოლოგიური მეცნიერების კლასიკოსი მაქს ვებერი (1864-1920)2 არის მიჩნეული. ინდივიდუალიზმისა კი მაქს შტირნერი3, ფერდინანდ ტიონისი და ასევე კლასიკოსი სოციოლოგი ნორბერტ ელიასი (1897-1990)4.
მეორე საფეხური ე.წ. სისტემური ინტეგრაცია ანუ სტრუქტურული ფუნქციონალიზმი გახლავთ, რომელიც სწავლობს ურთიერთობებს საზოგადოებრივ სტრუქტურებსა და სისტემებს შორის. ამ თეორიის ფუძემდებლებად მოდერნისტული სოციოლოგიური სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელი - ამერიკელი ტალკოტ პარსონსი (1902-1979)5 და მისი მოწაფე გერმანელი სოციოლოგი ნიკლას ლუჰმანი (1927-1998)6 ითვლებიან.
ამრიგად თანამედროვე სოციოლოგიური მეცნიერება ინტეგრაციის ცნებაში გულისხმობს დიალექტიკურ ურთიერთდამოკიდებულებას სოციალურსა და სისტემურ ინტეგრაციას შორის. „თუკი სოციალური ინტეგრაციის დროს საქმე გვაქვს ერთი სოციალური სისტემის მოქმედთა (ანუ ინდივიდთა) მოწესრიგებულსა თუ კონფლიქტურ ურთიერთობებთან, სისტემური ინტეგრაციის შემთხვევაში საქმე ეხება მოწესრიგებულსა თუ კონფლიქტურ ურთიერთობებს ერთი სოციალური სისტემის ნაწილებს (ანუ სტრუქტურებს) შორის“.7
2 Max Weber, Wirtschaft und Gesellschaft: Grundriss der verstehender Soziologie, Tübingen: J.B. Mohr (Paul Siebeck) 1922. ტერმინი გასაზოგადოება - გერმანულად - Vergesellschaftung, ინგლისურში - socialization - მიუთითებს, რომ საზოგადოებად ქცევის პროცესი სოციალურობის სინონიმია. ქართული შესატყვისი ორიგინალის ანუ გერმანულის თარგმანს შევუფარდეთ, ვინაიდან ჩვენის აზრით, შინაარსობრივად უფრო ნათლად ასახავს პრობლემის არსს.
3 Max Stirner, der Einzige und sein Eigenthum, Otto Wigand, Leopzig, 1845.
4 Norbert Elias, Über den Prozess der Zivilisation, Soziogenetische und psychogenetische Untersuchungen, Bd.1 Wandlungen des Verhaltens in den weltlichen Oberschichten des Abendlandes. Bd.2, Wandlungen der Gesellschaft: Entwurf zu einer Theorie der Zivilisation, Basel, Verlag Haus zum Falken, 1939.
5 იხ. Talcott Parsons, The Structure of Social Action, New York: McGraw-Hill, 1937; იხ. აგრეთვე Talcott Parsons, The System of Modern Societies, Englewood Cliffs, New Jersey: Prentice-Hall, 1971
6 იხ. Niclas Luhmann, Soziale Systehme: Grundriss einer allgemeiner Theorie, Frankfurt/M: Suhrkamp, 1984
7 David Lockwood, Sozialintegration und Systemintegration, კრებულში: Peter Imbusch, Wilhelm Heitmeyer, (Hrg), Integration – Desintegration. Ein Reader zur Ordnungsproblematik moderner
4
ესი იგი საქმე ეხება ურთიერთმიმართებას ნაწილსა და მთელს შორის. ეს მთელი, ანუ თავად სისტემა არის საზოგადოება, რომელიც შედგება გარკვეული რაოდენობის ელემენტებისაგან (პიროვნებებისაგან, ინდივიდებისაგან) და გარკვეული რაოდენობის რელაციებისაგან (კონტაქტებისაგან, ურთიერთობებისაგან)8. ამავე დროს საზოგადოება განიხილება მრავლისმომცველ სისტემად, რომელიც თავის მხრივ ფუნქციონალურ სტრუქტურებში ან სისტემებში დიფერენცირდება.
თანამედროვე სოციოლოგიური მეცნიერება სწავლობს საზოგადოებრივი სისტემების ფუნქციონალურ დიფერენციაციას და მათ ურთიერთდამოკიდებულებას, ურთიერთ წესრიგს. საუბარია ინტეგრაციაზე დიფერენციაციის გზით. როდესაც თითოეული სუბსისტემა მნიშვნელობას იძენს მხოლოდ მთელის არსებობის პირობებში, მაგრამ დიფერენცირდება სხვებისაგან. ამის წინაპირობაა პლურალიზმი ყველა სისტემურ დონეზე. შუამავლად კი ინტერპრენეტრაციის პრინციპი გვევლინება.9
თუკი სისტემური ინტეგრაციისათვის ამოსავალ წერტილს საზოგადოებრივი სისტემების დიფერენცირება წარმოადგენს, მაშინ ინდივიდუალიზაცია შეიძლება სოციალური ინტეგრაციის წინაპირობად წარმოვიდგინოთ (დიფერენციაციის გაგებით პიროვნულ დონეზე)10 რომლის მთავარი ელემენტი ადამიანი - პიროვნება გახლავთ. ამგვარი შეხედულება ეფუძნება ინდივიდუალური და საზოგადოებრივი სტრუქტურების თანადროულ განვითარებას, რომელნიც არ არიან ერთმანეთისგან განცალკევებულნი, არამედ ერთმანეთთან ინდერდეპენდენტულ ურთიერთობაში იმყოფებიან და ამდენად მუდმივი ცვლილების პროცესს ექვემდებარებიან.
ამრიგად სისტემური და ფუნქციონალური დიფერენციაცია თანამედროვეობის ანუ მოდერნიზმის ძირითად განმსაზღვრელ ნიშნად უნდა იქნას მიჩნეული. ინდივიდუალიზაცია კი სოციალური ინტეგრაციის ანუ გასაზოგადოების პროცესის განმსაზღვრელად. აქსიომაა, რომ გასაზოგადოების გარეშე ვერ იარსებებს მოდერნი, რომ საზოგადოების არარსებობის პირობებში, ვერც მისი სტრუქტურები და სისტემები იარსებებენ. ამრიგად პიროვნება, როგორც მთელის მიკროელემენტი, მთელი კონსტრუქციის საფუძვლად უნდა იქნას შეფასებული. სხვა სიტყვებით, როდესაც გასაზოგადოებაზე ვსაუბრობთ, საქმე ეხება პიროვნების ინტეგრაციას სისტემაში.
დასავლური „ინდივიდუალისტური“ ტრადიციის შესაბამისად, პიროვნება გარკვეული მნიშვნელობით „თვითღირებულებაა“, ეს არის სტატუსი, იგი არა მხოლოდ სამართლის სუბიექტია, არამედ გადაწყვეტილების მიმღები, მოქმედი... ესე იგი საქმე ეხება ქმედების წესს, მოქმედის ეკონომიკურსა და სოციალურ რაციონალურობას. დამოუკიდებელი და
Gesellschaften. ციკლიდან: Analysen zu gesellschaftlicher Integration und Desintegration. Wiesbaden, VS Verlag, 2008, გვ. 36.
8 Jurgen Frierdrichs, Wolfgang Jagodzinski, Theorien sozialer Integration, კრებულში: Peter Imbusch, Wilhelm Heitmeyer (Hrg) Integration - Desintegration, ein Reader zur Ordnungsproblematik moderner Gesellschaften, Wiesbaden, 2008,გვ. 95.
9 Michael Opielka, Gemeinschaft in Gesellschaft, Soziologie nach Hegel und Parsons, 2 გადამუშავებული გამოცემა, VS Verlag, Wiesbaden, 2006, გვ. 105-106.
10 Caterina Herold, Individuum und Gesellschaft, Norbert Elias und Max Weber im Vergleich, Studienarbeit, Nordestedt, 2007.
5
რაციონალური ქმედების წესი კი მხოლოდ ეკონომიკურად დამოუკიდებელი პიროვნების თვისებაა. მოკლედ რომ ვთქვათ, საქმე ეხება ინდივიდუალური და კოლექტიური იდენტობის თანხვედრას.
ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად გვესახება თანამედროვეობაში მოქალაქის ორმაგი მნიშვნელობის გათვალისწინება, როგორც Bourgeois თუ Citoyen11. ქართული შესატყვისით ქალაქელისა თუ მოქალაქის... სხვა სიტყვებით, როგორც ეკონომიკური ზრდის მაუწყებლისა თუ როგორც სახელმწიფოს მოქალაქისა, რომელიც მონაწილეობის თანაბარ შანსებს ითხოვს.
ამ ტერმინების თანამედროვე გაგება ისევე, როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა „...ორივე მნიშვნელობას ერთმანეთში ურევს და ამით გაუგებრობას იწევს, თუმცაღა ეს თავდაპირველად მხოლოდ ძველი რომაული „societas civilis“ თარგმანი იყო, რაც დღევანდელ ანგლო-საქსონურ civil Society-ში განაგრძობს არსებობას“.12
ამ ცნებების აღრევა და გაუგებრობა პოსტსაბჭოთა სივრცეში განსაკუთრებულად საგრძნობია. ვინაიდან უინიციატივო მოქალაქეებიც სახელმწიფოს მოქალაქეები არიან, რომელთაც უცილობელი მოქალაქეობრივი უფლება გააჩნიათ ხელი მიუწვდებოდეთ მატერიალურ დოვლათზე ზოგადად, მათ შორის: სამუშაო, საცხოვრებელსა და სამომხმარებლო ბაზრებზე, მაგრამ მოკლებულნი არიან შემოქმედებით ინიციატივას. არ არსებობს სისტემა, რომელიც ამას დაარეგულირებს და მოაწესრიგებს - არ არსებობს საზოგადოება. ეკონომიკურად დამოკიდებული ადამიანი მოკლებულია თავისუფალი ქმედების საშუალებას, იგი იძულებულია იმოქმედოს კონიუნქტურის გათვალისწინებით, მისი ქმედება ემოციური და ირაციონალურია. ამგვარი ქმედების წესი კი გასაზოგადოების პროცესს ვერაფერს შემატებს.
მაშინაც კი, როდესაც საქმე ფიზიკურ გადარჩენას ეხება, ადამიანები არ არღვევენ სოციალურ ნორმებს, არამედ თავიანთ მდგომარეობას ბედისწერად აღიქვამენ. ასეთ შემთხვევაში ერთად-ერთი ხსნა სოციალური ყოფის ძირეულ და ერთბაშად ცვლილებაში მდგომარეობს, რევოლუციების პერმანენტულ მოლოდინში... რევოლუციების მოლოდინი კი ასევე ირაციონალურია. „რაღაცა იქნება“, „ვინმე გამოჩნდება“ „ვიღაც გააკეთებს“. ეს ვინმე - მოქალაქე-მესაკუთრე - სოციალური ინტეგრაციის მთავარი ელემენტი და შემოქმედი კი პოსტსაბჭოთა სივრცეში ჯერ კიდევ იდევნება.. ვინაიდან მისი დამოუკიდებელი და რაციონალური ქმედების წესი ნებისმიერი დიქტატურისათვის უმთავრეს საფრთხეს წარმოადგენს. ამდენად პოსტსაბჭოთა სივრცის ძირითადი სოციალური კონფლიქტი არის კონფლიქტი პიროვნებასა და რეჟიმს შორის, მოქმედ სუბიექტსა და ჩამოყალიბებულ მმართველობის სისტემას შორის.
11 Lothar Gall, Gemeinde und Staat in der politischen Theorie des frühen 19. Jahrhunderts, კრებულში Peter Blicke (Hrg), Theorien kommunaler Ordnung in Europa, სერიიდან: Schriften des Historischen Kollegs (36), Oldenburg Verlag, München, 1996, გვ. 63-74.
12 Ralf Dahrendorf, Der moderne soziale Konflikt, Essay zur Politik der Freiheit, კრებულში: Peter Imbusch, Wilhelm Heitmeyer (Hrg) Integration Desintegration, ein Reader zur Ordnungsproblematik moderner Gesellschaften, Wiesbaden, 2008, გვ. 355.
6
სოციოლოგიური მეცნიერება ტრადიციულ სოციალურ კონფლიქტად მიიჩნევს ანტაგონიზმს ფეოდალურ წყობასა და ე.წ. „მესამე წოდების“ მიერ პოლიტიკური და სოციალური უფლებების მოთხოვნას შორის. თანამედროვე სოციალური კონფლიქტის შინაარსს კი იგი მზარდი ეკონომიკისა და მოქალაქეთა უფლებებს შორის დაპირისპირებაში ხედავს. ანუ ანტაგონიზმში შეთავაზებასა და მფლობელობის მოთხოვნის უფლების მოპოვებას შორის. რაც სისტემურად ეკონომიკასა და პოლიტიკას შორის კონფლიქტში ვლინდება. ამიტომაა, რომ თანამედროვე სამყაროში ეკონომიკურ ძვრებზე ყველაზე მძაფრად პოლიტიკა რეაგირებს, ხოლო პოლიტიკურ ძვრებზე კი ეკონომიკა...
მოდერნიზაციის თეორეტიკოსებიცა და პრაქტიკოსებიც ძირითადად დემოკრატიზაციის საკითხებით არიან დაკავებულნი, სამართლებრივი სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი პროცესუალური ნორმების უზრუნველყოფით, მატერიალური დოვლათის სამართლიანი განაწილების პრობლემით. ამ საქმეში კი პოსტსაბჭოთა სივრცეში ისინი ფსონს არსებული მთავრობების პროგრესულობაზე დებენ. სისტემის უშუალო შემოქმედი კი მოქალაქე-მესაკუთრე მათ თვალთახედვიდან რჩებად.
“Homo Soveticus”-ის მენტალიტეტი კი, სწორედ ხელისუფალთა შორის არის საძიებელი. უბრალო მოქალაქეს არ ესაჭიროება რთული სოციოლოგიური კონსტრუქციებისა და თეორიების ცოდნა. მას მხოლოდ თავისუფალი ქმედების შესაძლებლობა ესაჭიროება. ევროპაში აღმოცენებული „მესამე წოდება“ არ იცნობდა რთულ სოციოლოგიურ თეორიებს, პირიქით, სოციოლოგიური კონსტრუქციები მეცნიერებმა ბურჟუაზიის ქმედების ლოგიკის შესწავლის შედეგად შეიმუშავეს.
პოსტსაბჭოთა სივრცეში მესაკუთრის არსებობის შესაძლებლობა ჯერ-ჯერობით გამორიცხულია. სწორედ ეს გარემოება მიგვაჩნია მოდერნიზაციის მცდელობების წარუმატებლობის ძირითად მიზეზად ამ სივრცეში.
ამიტომაც არის, რომ ყოველი ახალი სახელისუფლო წესრიგი გარკვეული დროის შემდეგ მოსახლეობის მიერ არალეგიტიმურად აღიქმება. პიროვნება ემიჯნება სისტემას, ყოველი ახალი ხელისუფლება შესაბამისად არალეგიტიმურად მოქმედებს და ძირითადად მოსახლეობის ყვლეფით არის დაკავებული. ასე ბრუნავს მოჯადოებული წრე.
თანამედროვე სოციოლოგიური სკოლის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი რალფ დარენდორფი, (1929-2009) თავის 1992 წ. გამოცემულ ნაშრომში „თანამედროვე სოციალური კონფლიქტი“, აღმოსავლურსა და აფრიკულ დიქტატორულ რეჟიმებზე დაკვირვების შედეგად შექმნილ ვითარებას ჩვენთვის ერთობ ნიშანდობლივად ახასიათებს:
7
„... ლამაზი სიტყვები უკეთესი მომავლის შესახებ უმალვე ახალი ტერორისტული რეჟიმის გამართლებად გარდაიქმნება. ეს შეიძლება ხანგრძლივ დიქტატურას მოასწავებდეს. გაჭირვებას გარეშე საშიშროების ფონზე, ან უბრალოდ ქარიზმას ანომიის შუაგულში“.13
ტერმინი „ანომია“ სოციოლოგიაში ფრანგული სოციოლოგიური სკოლის კლასიკოსის, ემილ დურქჰაიმის (1853-1917) შემოტანილია. იგი „ანომიას“ ადამიანის უმთავრეს სოციალურ პრობლემად მიიჩნევს14. ანომია სუბიექტური და რელატიური დეპრივაციის შედეგია. სუბიექტური დეპრივაცია ინდივიდუალურ დონეზე თვითმკვლელობის მიზეზიც კი ხდება ხოლმე. კოლექტიურ დონეზე „ანომია“ რელატიური დეპრივაციის შედეგად დგება. ანომია საზოგადოების მთავარი პრობლემაა და საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია და ამოცანა ადამიანის ანომიისაგან დაცვაში მდგომარეობს. ანომია დურქჰაიმის მიხედვით სოციალური ნორმების რღვევასა და სოციალური წესრიგის არარსებობაში მდგომარეობს. სოციალური ნორმების დაწესება და სოციალური წესრიგის უზრუნველყოფა კი სწორედ საზოგადოების მთავარი ფუნქციაა. კოლექტიურ ცნობიერებას, რასაც იგი კოლექტიურ სინდისს „conscience collective“ უწოდებს დურქჰაიმის თეორიაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა. კოლექტიური გრძნობების გათელვა მისი აზრით საზოგადოების დეზინტეგრაციისა და აქედან გამომდინარე ანომიის საწინდარია. თუ საზოგადოებამ ვერ მოახერხა სოციალური უთანასწორობის დაძლევა, მისი არსებობა ასევე კითხვის ქვეშ დგება. სოციალური თანასწორობის რადიკალურად დამყარების მცდელობა კი მისი შეხედულებით მკაცრ ზომებს მოითხოვს და ინტეგრაციისათვის ვერ გამოდგება. ეს გზაც დურქჰაიმის აზრით ანომიისაკენ მიდის. ანომიის ძირითადი ნიშანი იმაში მდგომარეობს, რომ არსებული სახელმწიფო წესრიგი მოსახლეობისაგან არალეგიტიმურად აღიქმება, ხოლო თითოეულის ქმედება არა რაციონალური არამედ ეგოცენტრული ხდება. სოციალური წესრიგი და ნორმები კი მხოლოდ საყოველთაოდ აღიარებულ მორალურ დისციპლინას უნდა ექვემდებარებოდეს.
ანომია - დურქჰაიმის მიხედვით - ყალიბდება მაშინ, როდესაც შრომის განაწილება რუტინაში გადაიზრდება და თითოეულმა თავისი სამუშაოს მიზანი აღარ იცის; (საბჭოთა იმპერიის ბოლო წლების ერთ-ერთ დამახასიათებლად უნდა მივიჩნიოთ); ანომია ჩნდება იქაც, სადაც შრომის განაწილება ძალისმიერად ხდება და პოზიციების მინიჭება რეგლამენტირებულია; ანომიაა ისეთი გარემოება, როდესაც მზარდი საქონლის პირობებში თითოეული ვერ ღებულობს სამართლიან წილს საერთო ჯამიდან 15. ვფიქრობთ, ბოლო ორი განსაზღვრება უპირობოდ ესადაგება სოციალურ მდგომარეობას თანამედროვე საქართველოში...
13 Ralf Dahrendorf, Der moderne soziale Konflikt, Essay zur Politik der Freiheit, კრებულში: Peter Imbusch, Wilhelm Heitmeyer (Hrg) Integration Desintegration, ein Reader zur Ordnungsproblematik moderner Gesellschaften, Wiesbaden, 2008, გვ. 354; 360.
14 Emile Durkheim, De la division du travail social: Etude sur l’organisation des societes superieures, Felix- Alkan, Paris, 1893; Émile Durkheim, Le Suicide: Etude de sociologie, Felix-Alcan, Paris, 1897.
15 Jurgen Frierdrichs, Wolfgang Jagodzinski, Theorien sozialer Integration, კრებულში: Peter Imbusch, Wilhelm Heitmeyer (Hrg) Integration Desintegration, ein Reader zur Ordnungsproblematik moderner Gesellschaften, Wiesbaden, 2008, გვ. 105.
8
მოკლედ რომ ვთქვათ ანომია დურქჰაიმის განმარტებით საზოგადოების კოლექტიური ძალის დეფიციტის პირობებში ჩნდება. სხვა სიტყვებით, ანომია სუფევს იქ სადაც არ არსებობს საზოგადოება.
თანამედროვე საქართველოში შექმნილი ვითარების მიზეზები დუალისტურ ხასიათს ატარებს. იმდენადვე ეგზოგენურია, რამდენადაც ენდოგენური. რუსული ოკუპაციის განმავლობაში ეს ორივე ფაქტორი იმდენად გადაჯაჭვულია და ერთმანეთზე მიბმული, რომ დღეს მათი განცალკევება საკმაოდ რთული საქმეა...
ჩვენში ინტეგრირებული საზოგადოების არარსებობის მიზეზების დასადგენად კი ამჯერად მცირე ისტორიული და ტიპოლოგიური ექსკურსი მოგვიწევს...
საყოველთაოდ ცნობილია, რომ საზოგადოება და სახელმწიფო თანამედროვე გაგებით წმინდად ევროპული მოვლენაა16, რომელიც სათავეებს ევროპული ფეოდალიზმიდან იღებს. დასავლური მეცნიერების თანახმად ევროპეიზმი ოთხ ძირითად მოვლენას ეფუძნება, ეს არის ანტიკური ფილოსოფია, ქრისტიანობა, ფეოდალიზმი და ბერძნულ-რომაული სამართალი. ეს ძირითადად საკუთრების საკრალურად და ხელშეუხებლად ცნობას გულისხმობს.
ევროპული ფეოდალიზმის განხილვისას ბევრად უფრო მრავლის მომცველი მოვლენა უნდა წარმოვიდგინოთ ვიდრე „ლენური ურთიერთობები“ ანდა „ლენური სამართალი“. ფეოდალიზმის, როგორც წმინდად ევროპული მოვლენის ძირითად მახასიათებლად „ლენური სისტემისა“ და „ალოდიური სისტემის“17 ურთიერთ თანაარსებობა და მათი ურთიერთდამოკიდებულება გახლავთ. ქართული შესატყვისით შესაბამისად საკარგავისა (იგივე ფეოდი, ბენეფიციუმი) და მამულის (იგივე ალოდი, ანუ აბსოლუტური საკუთრება).
„ალოდიური თავისუფლება“, ევროპაში იმთავითვე ცენტრალური ხელისუფლებისა და ლენური სისტემის ქმედით შეზღუდვად და პიროვნების თავისუფლების, ანუ ინდივიდუალიზმის საფუძვლად აღიქმებოდა. ევროპელი მეცნიერების უმრავლესობა მესამე წოდების აღმოცენების წინაპირობად სწორედ „ალოდიურ თავისუფლებებს“ მიიჩნევს18.
ნიშანდობლივია, რომ ევროპული სახელმწიფო მოწყობა დასაბამიდან იცნობს ცენტრალური ხელისუფლისა და პიროვნების თანაარსებობას. რაც შესანიშნავად გამოიხატება ფორმულაში primus inter pares. ამგვარ ურთიერთდამოკიდებულებას ლენურ სამფლობელო ინსტიტუტსა და თავისუფალ ანუ აბსოლუტურ საკუთრებას შორის, მნიშვნელოვანი გავლენა
16 Wolfgang Reinhard, Geschichte der Staatgewalt. Eine vergleichende Verfassungsgeschichte Europas von den Anfängen bis zur Gegenwart, Oskar Beck, München, 1999, გვ. 14-22.
17 იხ. სტატია Allodium und Feodum, Staats-Lexikon oder Encyklopedie der Staatswissenschaften (Hrg. Carl von Rotteck & Carl Welcker), Bd. 1 Altona 1834. S.S. 468-492.
18 იხ. Otto Bruner, სტატია Feudalismus, in: Otto Brunner, Werner Conze, Reinhard Koselleck (Hrg) Geschichtliche Grundbegriffe, Historisches Lexikon zur politisch-sozialen Sprache in Deutschland, Bd. 2, Stuttgart, 1998, S.S. 337-350.
9
უნდა მოეხდინა იმ დაუწერელ ფეოდალურ ურთიერთობებზე, რაც მეცნიერებაში, „დასავლური ლენური (ანუ ფეოდალური) კონსტიტუციის“19 სახელით არის ცნობილი.
ამრიგად, სწორედ დინამიური ბალანსი ამ ინსტიტუტებს შორის არის შიდა ინტეგრაციის მამოძრავებელი ძალა, რამაც დასავლური საზოგადოების განვითარების ეტაპები განაპირობა: ერთობიდან საზოგადოებისაკენ, საზოგადოებიდან „საზოგადოებრივ შეთანხმებამდე“, საზოგადოებრივი შეთანხმებიდან თანამედროვე სახელმწიფომდე. დისბალანსი კი რადიკალიზაციას იწვევს, ერთის მხრივ ალოდიური თავისუფლებების მძლავრობამ შეიძლება ანარქიაში იჩინოს თავი, ხოლო მეორეს მხრივ კი, ალოდიური თავისუფლებების ნიველირებას ცალსახად ავტოკრატიულ დიქტატურამდე მივყავართ. ორივე შემთხვევაში ინტეგრაციის პროცესი ზარალდება.
ჯერ კიდევ ანტიკური ხანის ფილოსოფოსები: პლატონი, არისტოტელე, სოკრატე, ციცერონი და სენეკა საკუთრების საკითხს სახელმწიფოს მოწყობის თვალსაზრისით გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ისინი იმთავითვე ასხვავებდნენ კერძო საკუთრებისა (proprietas) და მფლობელობის (prossessio) ცნებებს. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ ცნებების განსაზღვრებისა და მათი ურთიერთდამოკიდებულების ახსნის მცდელობები დაედო საფუძვლად ძირითად ფილოსოფიურსა და იურიდიულ მოძღვრებებს, მოგვიანებით კი სოციალურ-პოლიტიკურ თეორიებს სახელმწიფოს რაობისა და მისი მოწყობის შესახებ. ანტიკური ხანის საზოგადოების დამოკიდებულება საკუთრების მიმართ აისახა ძვ. წ. აღ. 450 წ. რომის სამართლის კრებულში, ე.წ. „თორმეტთავში“ Leges duodecim tabularum, სადაც კერძო საკუთრება საკრალურად და ხელშეუხებლად არის გამოცხადებული.
„ახალი დროის“ მოაზროვნენი, როგორც მაგ: თომას ჰობსი (1588-1679), ჯონ ლოკი (1632-1704), ჟან-ჟაკ რუსო (1712-1778) კერძო საკუთრებას ინდივიდისა და მისი ქმედების თავისუფლების ხარისხთან უშუალო კავშირში განიხილავდნენ. ანტიკური ფორმულა ut suum cuique salvum sit (თითოეულს თავისი, ეს უსაფრთხოა) მათთვის საზოგადოების არსებობისა და დანიშნულების მთავარ ამოცანას წარმოადგენდა. სხვა სიტყვებით, თანამედროვე განვითარებული სამყაროს მიერ განვლილი გზა ერთობიდან საზოგადოებამდე ადამიანის რთულ სოციალურ ურთიერთობებს გულისხმობს, დაფუძნებულს საკუთრების თავისუფალ ფლობასა და მის ასევე თავისუფალ განკარგვაზე. ამ გარემოებას ეფუძნება კანტის ცნობილი გამონათქვამი - საკუთრების წარმოქმნას უცილობელი ლოგიკით რესპუბლიკურ სახელმწიფომდე მივყავართ-ო. საზოგადოების წევრების ძირითადი უფლებები ასევე რომაული ფორმულიდან (vita, membra, libertas) იქნა გამოყვანილი და მათი დაცვის ინსტიტუტად სახელმწიფო იქნა მიჩნეული. ამრიგად სახელმწიფოს ფუნქცია „ახალი დროის“ დასავლური ფილოსოფიური მოძღვრებების მიხედვით, საზოგადოების წევრებს შორის სამართლიანი
19 Marc Bloch, La societe feodale, vol. 3. Paris, 1939; Marc Bloch, Feodalite, Vassalite, Seigneurie: a propos de quelques travaux recents, კრებულში: Annales d’histoire economique et sociale, V. 3, Paris, 1931, გვ. 246-260; Michael Borgolte, Otto Hinzes Lehre vom Feudalismus in kritischen Perspektiven des 20. Jahrhunderts, კრებულში: Nathaly Fryde, Pierre Monnet, Otto Gerhard Oexle (Hrg), Die Gegenwart des Feudalismus, Göttingen, 2002, გვ. 247-270;
10
ურთიერთობების მენეჯერის ფუნქციაში გამოიხატებოდა. სახელმწიფო „საზოგადოებრივი შეთანხმების“ შედეგია. ნიშანდობლივია, რომ „საზოგადოებრივი შეთანხმების“ ორივე კლასიკური მაგალითი - ინგლისური Charter of Liberties (1100 წ). და Bill of Rights (1689 წ). - სათაურშივე თავისუფლებებსა და უფლებებს გულისხმობდნენ. და თუკი პირველ შემთხვევაში საქმე ეხებოდა დიდგვაროვანთა თავისუფლებებს, მეორე შემთხვევაში ახლად აღმოცენებული „მესამე წოდების“ პოლიტიკურ უფლებების დაკანონებაზეა საუბარი. ერთი სიტყვით თანამედროვე ფილოსოფიური და სოციოლოგიური მოძღვრებები ადამიანის სოციალურ განვითარებაში ორ ძირითად საფეხურს გამოყოფენ: 1. ერთობისა20 და 2 საზოგადოების. ამათგან პირველის განმსაზღვრელი ის გარემოება გახლავთ, რომ მისი წევრების სოციალური ქმედება ტრადიციულად მოტივირებულ ემოციებს ემყარება, ხოლო მათი ურთიერთქმედება კი მექანიკური სოლიდარობის ნიშნით ხასიათდება.
მაშინ როდესაც მეორის შემთხვევაში სოციალური ქმედება რაციონალურად არის მოტივირებული, ხოლო საზოგადოების წევრების ურთიერთქმედება კი ორგანული სოლიდარობის ხასიათს ატარებს. ამდენად საზოგადოება განიხილება, როგორც სოციალური ურთიერთობების სისტემა.
ალოდიუმი დასავლეთ ევროპაში საკუთრების ბენეფიციუმზე უფრო ადრინდელი ფორმაა და ბენეფიციუმის შექმნის შემდეგაც განაგრძობს არსებობას. ალოდიუმის მფლობელები იყვნენ ძველი გვარის შთამომავალი ფეოდალები, ეკლესია და ქალაქები. ამიტომაა, რომ დასავლეთ ევროპაში აღმოცენებული ე.წ. „მესამე წოდება“ სწორედ, რომ „ქალაქელები“ (les bourgeois) იყვნენ, რომელნიც პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლებებისათვის ბრძოლაში სოფლად მცხოვრებ ფეოდალებს დაუპირისპირდნენ, როგორც ეკონომიკურად შედარებით გვიან მომძლავრებული საზოგადოებრივი ფენა. ნიშანდობლივია, რომ ევროპის ახალსა და უახლეს ისტორიაში ეროვნული მოძრაობები, „ქალაქელთა“, ანუ ბურჟუაზიული მოძრაობების სინონიმია.
აღმოსავლეთში სრულიად საპირისპირო მოვლენასთან გვაქვს საქმე. ალოდიური საკუთრების ფორმა ფაქტობრივად ქრება. შესაბამისად იკვეთება ცენტრალური ხელისუფალის ავტორიტარიზმიც. ინდივიდის როლი კი საზოგადოების კულტურულსა და პოლიტიკურ ცხოვრებაში სულ უფრო ნიველირდება.
თუკი ამ გარემოებას გავითვალისწინებთ, გასაგები გახდება, თუ რატომ ვერ ჰპოვეს ბურჟუაზიული განვითარების გზა თავის დროზე მაღალგანვითარებულმა და ფეოდალური მაგრამ ცალსახად ლენური ურთიერთობებით გამორჩეულმა აზიურმა რეგიონებმა21.
20 Ferdinand Tönnies, Gemeischaft und Gesellschaft, Abhandlung des Communismus und des Sozialismus als Empirischer Culturformen, Leipzig, 1887, გვ. 289-303.
11
ქართველი ხალხის ისტორია განსაკუთრებულია იმ თვალსაზრისით, რომ გეოგრაფიული ფაქტორის გამო საგარეო გარემოებები საქართველოს საზოგადოებრივი განვითარების საქმეში განმსაზღვრელ როლს ასრულებდნენ და ასრულებენ კიდეც. დასავლეთში კი საპირისპიროდ - საგარეო პოლიტიკა საზოგადოების შიდა განვითარების გაგრძელებას წარმოადგენს. შიდა კონსოლიდაციისა და ეროვნული ინტეგრაციის პროცესი საქართველოში გამუდმებულად ფერხდებოდა დამპყრობლების მიერ.
ამ თვალსაზრისით, საქართვლოს ისტორიაში განსაკუთრებული როლი ბიზანტიასთან და მოგვიანებით რუსეთთან მეზობლობას უნდა მიენიჭოს.
ნოვალისის22 სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველი ერი, როგორც იდეა, როგორც კოლექტიური ინდივიდუუმი თავისი ადგილის პოვნას განსაზღვრულ კულტურულ სივრცეში ესწრაფვის. საქართველოში ამგვარ კულტურად ბიზანტიური კულტურა იყო მიჩნეული, რომელიც ანტიკური მემკვიდრეობისა და ქრისტიანობის სინთეზად აღიქმებოდა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის გარემოებაც, რომ შუასაუკუნეების ქართველი მოაზროვნენი და თეოლოგები ბიზანტიიდან განურჩევლად ყველაფერს კი არ იღებდნენ, არამედ იზიარებდნენ იოანე დამასკოელის პრინციპს - თეოლოგიისათვის ფილოსოფიის სარგებლობის შესახებ და სელექციის მეთოდის მეშვეობით ცდილობდნენ განესაზღვრათ თუ რა იქნებოდა მსოფლიო ფილოსოფიიდან სასარგებლო ქართული თეოლოგიისათვის23. ინტელექტუალები ასხვავებდნენ ფსევდო და ორიგინალურ თხზულებებს, ეკლესია აღწევს ავტოკეფალიას, ქართული ფეოდალური სისტემა არათუ განსხვავდება ბიზანტიურისაგან 24, რომლისთვის აბსოლუტურად უცხოა საკუთრების ალოდიური სისტემა, არამედ ტიპიურად დასავლური ფეოდალური სისტემის ნაწილს წარმოადგენს. საკუთრების ალოდიური25 და ბენეფიციური
21 Chris Wickham, The Uniqueness of the East, კრებულში: Feudalism and Non-European Societies, T.J. Byres und H. Mukhia (Hrg), London, 1985, გვ. 187.
22 Novalis, Werke in einem Band, H. J. Mähl, R. Samuel (Hrg.), Wien, 1984, S. 444.
23 Guram Tevzadze, Ideologie und Kommentar im Mittelalterischen Georgien, (10.-12. Jahrhundert) in: Der Kommentar in Antike und Mittelalter, neue Beiträge zu seiner Erforschung, Bd. 2. Leiden, 2004. გვ. 163-177.
24 ბიზანტიის სოციალ-ეკონომიკური სისტემისათვის იხ. Carl Eduard Zachariä von Lingenthal, Zur Geschichte des römischen Grundeigentums in: Zeitschrift der Savigny-Stiftung für Rechtgeschichte, E.I. Bekker, A. Pernice, R. Schröder, H. Brunner, (Hrg). Bd. 9, (22), Weimar, 1888,. გვ. 261-285; Warren Treadgold, A History of a Byzantine State and Society, Stanford, 1997, გვ. 103-149; 371-417; 667-709; Eleutheria Papagianni, Byzantine Legislation on Economic Activity Relative to Social Class, in: Angeliki E. Laiou (Hrg), The economic History of Byzantium from the seventh trough the fifteenth Century, Bd. 3. Washington, 2002, გვ. 1083-193; Peter Frankopan, Land and Power in the Middle and Later Period, in: John F. Haldon (Hrg) The Social History of Byzantium, Chichester, 2009 გვ. 112-143; John Haldon, Social Elites. Wealth and Power, in: John F. Haldon (Hrg) The Social History of Byzantium, Chichester, 2009, გვ. 168-212.
25 იხ. ოთარ ლორთქიფანიძე, სამეფო მიწისმფლობელობის შესახებ ანტიკური ხანის იბერიაში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის „მოამბე“ ტ.21. № 6, თბ. 1958, გვ. 759-766, ანრი ბოგვერაძე, ქართლის ადრეფეოდალური საზოგადოებრივი ურთიერთობების ისტორიიდან, თბ. 1961, გვ. 42-70; მარიამ ლორთქიფანიძე, მიწათმფლობელობის ფორმების საკითხისათვის 9-10 საუკუნეების საქართველოში, კრებულში: მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 34. თბ. 1962, გვ.
12
(ლენური) ფორმების თანაარსებობა ბიზანტიისაგან განსხვავებით საქართველოს დასავლური ტიპის ფეოდალური სისტემის კუნძულად წარმოაჩენს ახლო აღმოსავლეთში.
X საუკუნე საქართველოში მძლავრი ინტეგრაციული პროცესებით ხასიათდება. რამაც ლოგიკური დასასრული ფეოდალური ერთეულების ერთი მმართველის - მეფის მიერ გაერთიანებაში ჰპოვა, ვინც ასევე ევროპული ფეოდალური სამართლის პრინციპით იქნა შერჩეული. ინტეგრაციულ პროცესებს სათავეში ქართველი ინტელექტუალები ედგნენ. გიორგი მერჩულეს განსაზღვრება: „ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირიცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების, ხოლო კვირიელეისონი ბერძნულად ითქუმის...“ - ევროპეიზმის საფუძვლებით მოაზროვნე ადამიანის ნააზრევია და თამამად შეიძლება გვიანდელი ევროპული განმანათლებლების წინამორბედად ჩაითვალოს. საზოგადოებრივი განვითარების შედეგებია: ჰუმანიზმის იდეების ქადაგება ქართველ ინტელექტუალთა მიერ; პოლიტიკური თვალსაზრისით აბსოლუტური მონარქიის ჩამოყალიბება თავისი წმინდად ევროპული მახასიათებლით - ეპისკოპოსით, პირველი მინისტრის რანგში; წარუმატებელი და სუსტი მაგრამ მაინც პარლამენტის მოთხოვნა, აშკარად მიუთითებს საქართველოში „მესამე წოდების“ - უფლებების აღიარების მცდელობაზე. ერთი სიტყვით საქართველოს თავისთავადი განვითარება ტიპიურად დასავლური სცენარით მიმდინარეობდა. რიგ სფეროებში საქართველოში მიმდინარე პროცესები კი ქრონოლოგიურად წინ უსწრებდნენ ევროპაში მოგვიანებით მომხდარ მოვლენებს. ინტეგრაციული პროცესების აღმავლობა მონღოლთა გამოჩენამ დაამუხრუჭა და მეტიც, ბიძგი მისცა დეზინტეგრაციულ პროცესებს.
როდესაც ქართულ ფეოდალიზმზე ვსაუბრობთ, როგორც გამონაკლისზე აღმოსავლურ სივრცეში და მას ევროპულ ფენომენად მივიჩნევთ, უპირველეს ყოვლისა „ალოდიალური“ მიწის მფლობელობის სისტემის არსებობა გვაქვს მხედველობაში, რომლის ნიშნებიც ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში დასტურდება26. ნიშანდობლივია, რომ ქართული „მამულიც“ ასევე ტიპოლოგიურ თანხვედრას ამჟღავნებს ევროპულ „ალოდთან“27. არანაკლებ მნიშვნელოვანია აგრეთვე ქვეყანაში აბსოლუტიზმის განვითარება და მესამე წოდების - „ქალაქელთა“ არსებობის პირველი ნიშნებიც. ამდენად საკუთრების რომაული სამართლებრივი გაგება საქართველოში იმთავითვე აღიარებულად უნდა მივიჩნიოთ. ანტიკური ფილოსოფიის გავლენა კი სახეზეა საქართველოში რუსეთთან შეერთებამდე28.
მიუხედავად იმისა, რომ ბიზანტიის აგრესიული იმპერიის მეზობლობა საქართველოსათვის დამოუკიდებლობისათვის გამუდმებულ ბრძოლას ნიშნავდა, ბიზანტია
3-23; Шота Месхия Города и городской строй средневековой Грузии в 17-18 вв. Тб. 1959; Мамука Думбадзе, Вассалитет в Грузии в 10-12 Веках, (кандидатская диссертация) Тб. 1982.
26 ოთარ ლორთქიფანიძე, სამეფო მიწისმფლობელობის შესახებ ანტიკური ხანის იბერიაში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის „მოამბე“ ტ.21. № 6, თბ. 1958, გვ. 759-766.
27 მხედველობაში გვაქვს ალოდიური საკუთრების ორი ფორმა ე.წ. bona adquistita და bona aviatica. შედარებისათვის იხ: Мамука Думбадзе, Вассалитет в Грузии в 10-12 Веках, (Кандидатская диссертация) Тб. 1982.
28 იხ. პლატონ იოსელიანი, ცხოვრება გიორგი მეცამეტისა, თბ. 1936.
13
თავისი ანტიკური ფილოსოფიური სკოლით კულტურული სივრცის ორიენტირი იყო და ამდენად პოზიტიური გავლენა იქონია ინტეგრაციულ პროცესებზე საქართველოში. ხოლო ბიზანტიის დაცემამ და ორი ძლიერი მუსლიმანური სახელმწიფოს მეზობლობამ კი, დეზინტეგრაციულ პროცესებს გაუხსნეს გზა. საკუთრების ალოდიური ფორმა გახლდათ ის, რამაც მეზობელი სახელმწიფოების ორმაგი წნეხის მიუხედავად, ერთის მხრივ ქართული ცხოვრების წესის შენარჩუნებას შეუწყო ხელი ხოლო მეორეს მხრივ, დასაბამი დაუდო ხელახალ ფეოდალიზაციას ანუ ფეოდალურ დაშლას. მართალია სამეფო სახლი ლეგიტიმურად იყო მიჩნეული, მაგრამ თითოეულის ქმედება არა რაციონალური არამედ ეგოცენტრული გახდა.
ფეოდალიზმის განვითარება რუსეთში ასევე შორს არის ევროპეიზმის ტრადიციისაგან, ალოდიური საკუთრების ფორმა რუსეთში არ დასტურდება. მართალია დღევანდელ ინტერნეტ სივრცეში მრავლად მოიპოვება ნაშრომები, სადაც ავტორები „ვოტჩინის“ ინსტიტუტში „ალოდიური“ საკუთრების ნიშნების პოვნას ცდილობენ, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ კონიუნქტურით არის ნაკარნახევი და მათთან პაექრობას აქ ვერ შევუდგებით. გარდატეხა რუსულ ფეოდალურ სისტემაში ივანე მრისხანეს პოლიტიკის შედეგად დაიწყო. „ოპრიჩნინა“ სწორედ ბოიართა ალოდიური მისწრაფებების წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებაა, სწორედ ოპრიჩნინის შედეგია რუსეთში მიწის ტოტალურ ბენეფიციუმად გადაქცევა. გვიანდელ ვოტჩინებს კი „მამულთან“ მხოლოდ სახელწოდება თუ ამსგავსებს, რაც უკეთეს შემთხვევაში და ისიც პირობითად, სენიორიას შეიძლება შევადაროთ. რუსეთის ბიუროკრატიული ცენტრალიზმი და ხელისუფლების ავტოკრატიზაცია ხომ სწორედ ივანე მრისხანისაგან იდებს სათავეს. ეს გახლავთ ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ წარმოიქმნა ბოიარებისაგან დასავლურის მსგავსი რეგიონალურად დამაგრებული წოდების დასაყრდენი. ერთი სიტყვით ფეოდალიზმი რუსეთში ივანე მრისხანიდან მოყოლებული სულ უფრო და უფრო ავტოკრატიზაციის ინსტრუმენტად ყალიბდებოდა29.
საქართველოს რუსეთთან შეერთებისთანავე ქართული არისტოკრატია რუსეთში იქნა გადასახლებული. ქართული სახელმწიფოებრიობა და ქართული ფეოდალიზმი ანუ მოსახლეობის მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული სისტემა გაუქმდა. ფეოდალური დაქუცმაცებულობითა და დეზინტეგრაციით დასუსტებულმა ქართულმა მოსახლეობამ იდენტურობისა და მნიშვნელობის ორიენტირები დაკარგა. სკოლებში, ეკლესიასა და სასამართლოში საქმის უცხო ენაზე წარმოებამ მოსახლეობასა და ისედაც არალეგიტიმურად აღქმულ რეჟიმს შორის კომუნიკაციის შესაძლებლობა მოსპო. თაობები დარჩნენ უწიგნურნი, ეს გარემოება განსაკუთრებით უწყობდა ხელს დეზინტეგრაციის პროცესს. ამ უფსკრულის ამოვსებას ილია ჭავჭავაძე „მომრიგებელი მოსამართლის“ ინსტიტუტის შემოღებით ცდილობდა.
ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა - ანბანის რეფორმირება, თანამედროვე ლიტერატურული ენის დახვეწა, მას იმდროინდელი ევროპული ეროვნული მოძრაობების გმირების რიგში აყენებს. ხოლო ლოზუნგი „მამული, ენა სარწმუნოება“ ქართველებისათვის ეროვნული ინტეგრაციის
29 Michael Borgolte, Otto Hinzes Lehre vom Feudalismus in kritischen Perspektiven des 20. Jahrhunderts, კრებულში: Nathaly Fryde, Pierre Monnet, Otto Gerhard Oexle (Hrg), Die Gegenwart des Feudalismus, Göttingen, 2002, გვ. 268.
14
ორიენტირების სიმბოლო და მაჩვენებელი უნდა ყოფილიყო. სოციალური პრობლემების მოგვარებას ილია ჭავჭავაძე საქართველოში ეროვნული ბურჟუაზიის, ქართული მესამე წოდების აღმოცენებაში ხედავდა. საზოგადოდ ცნობილია, რომ XIX ს-ის ევროპაში მიმდინარე ეროვნული მოძრაობები მიზნად ეროვნული სახელმწიფოების შექმნას ისახავდნენ და ამ პროცესის მამოძრავებელი ძალა „მესამე წოდება“ ანუ ბურჟუაზია იყო. სწორედ ამიტომ ითხოვდა ილია ჭავჭავაძე ეროვნულ დამოუკიდებლობას, მაგრამ, როგორც რეალისტი, პოლიტიკური ავტონომიის ფორმას ჯერდებოდა. ამრიგად ილია ჭავჭავაძისათვის საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობა - ეროვნული „მესამე წოდების“ მიერ დაფუძნებულ სოციალურ წესრიგს ნიშნავდა. ეს გზა კი არ პასუხობდა იმპერიაში მიმდინარე პროცესებს და მოდერნიზებული იმპერიისათვის გათვალისწინებულ სოციალურ წესრიგს. სწორედ ამიტომ წარმოადგენდა ილიას მოღვაწეობა რუსეთის იმპერიისათვის რეალურ და განსაკუთრებულ საშიშროებას.
ილიას მკვლელობის შემდეგ, ეროვნული კონსოლიდაციისა და ინტეგრაციის იდეამ შემდგომი განვითარება ვეღარ ჰპოვა და ეროვნულმა ორიენტირებმა გზა საზოგადოდ რუსულ პრობლემას - სოციალური ორიენტირების ძიებას დაუთმო, რომლის გადაჭრაც იმპერიის სივრცეში ბუნებრივია, რუსული ქარგით უნდა მომხდარიყო. პოლიტიკური სარბიელი საქართველოში რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ე.წ. ქართულ ფრაქციას დაეთმო...
ალოდიური თავისუფლებების ნიველირებამ და სახელმწიფოებრივ მოწყობაში ინდივიდუალიზმის დეფიციტმა შედეგად რუსეთში მესამე წოდების არარსებობა გამოიღო.
ასეთ პირობებში პოლიტიკაში მონაწილეობის მოთხოვნილებას რუსი მოღვაწენი ძირითადად პუბლიცისტური და ლიტერატურული საქმიანობით იკმაყოფილებდნენ. XIX ს. რუსეთისათვის დამახასიათებელია ინტელექტუალთა გარემოს აღზევება ერთგვარ შუა ფენად. რასაც რუსეთში „ინტელიგენცია“ ეწოდა და რომელსაც „მესამე წოდების“ დეფიციტის ფონზე „საზოგადოება“ დაერქვა. სხვა სიტყვებით საზოგადოება რუსეთში იმთავითვე არა სისტემის სინონიმად, არამედ სისტემისაგან იზოლირებულ ჯგუფად აღიქმებოდა. ინტელიგენცია ჩამოყალიბდა იდეოლოგიურ და არა პროფესიულ ჯგუფად. არსებობდნენ კულტურული ადამიანები, მაგრამ არ არსებობდა კულტურული გარემო. ჩამოყალიბდა მყარი მენტალური ფორმულა - ინტელიგენცია „ჩვენ“ და სახელმწიფო - „ისინი“. ამრიგად ინტელიგენცია აღმოჩნდა სახელმწიფოსა და ბნელ მასას შორის. არისტოკრატიის საუკეთესო ნაწილში სუფევდა ერთგვარი დანაშაულის გრძნობა საკუთარი ხალხის წინაშე. სოციალურად ტოტალურად პოლარიზებულ რომანოვების იმპერიაში არსებული უფსკრულის ამოვსების სურვილმა ისინი ანტიფეოდალურად და ამავე დროს ანტიბურჟუაზიულად განაწყო.
ომზე ორიენტირებული ფეოდალური საზოგადოების მშვიდობიანი, შრომაზე ორიენტირებული საზოგადოებრივი წყობით ჩანაცვლების აუცილებლობა მათთვის უცხო იყო. ამის ნაცვლად რუსი ინტელექტუალები სამართლიანი საზოგადოებისა და ამ საქმეში რუსი ხალხის ისტორიული მისიის ძიებით იყვნენ დაკავებულნი. ამავე დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას მართლმადიდებლობას ანიჭებდნენ. ევროპულ რაციონალურ დეცენტრალიზმს ისინი ქრისტიანული აღმოსავლეთის მთლიანობას უპირისპირებდნენ. ამის მთავარი
15
განმსაზღვრელები კი რუსული „თემის“ და მართლმადიდებლობის ნაციონალიზაციიდან გამოჰყავდათ.
რელიგიის ნაციონალიზაცია, ანუ მისი ხელისუფლებასთან შერწყმა ტიპიურად აღმოსავლური მოვლენაა, რაც ტოტალიტარიზმს მოასწავებს.
უაღრესად საინტერესოა პირველი საბჭოთა ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლის ნიკოლაი ბერდიაევის (1874-1948) დაკვირვება. როდესაც იგი „მესამე რომის“ მესიანისტურ იდეას აანალიზებს ამბობს, რომ რუსეთში ეკლესიის ნაციონალიზაცია ივანე მრისხანეს დროიდან დაიწყო, რომ რუსი ხალხის ცნობიერებაში ეროვნული და რელიგიური ისევე ძლიერად შეერწყა ერთმანეთს, როგორც ეს ძველი ებრაელი ხალხის ცნობიერებაში მოხდა30. მსოფლიო საეკლესიო ცნობიერება რუსული ეკლესიის წიაღში იმდენად სუსტი იყო, რომ ბერძნულ ეკლესიას, რომლისგანაც რუსმა ხალხმა მართლმადიდებლობა მიიღო, ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ეკლესიად აღარ ცნობდნენ და მასში ჭეშმარიტი სარწმუნოების დამახინჯებას ხედავდნენ. ბერძნული ეკლესიის გავლენა კი მსოფლიოში ერთად-ერთ ჭეშმარიტ მართლმადიდებელ სამეფოში შეღწეულ გარყვნილებად აღიქმებოდა. რუსული ეკლესიის თვითიზოლაციისა და ტოტალიტარიზმის ფორმულა ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ - მართლმადიდებელი სარწმუნოება არის რუსული სარწმუნოება, არარუსული სარწმუნოება - არამართლმადიდებლურია. ცნობილი რუსი ფილოსოფოსი გეორგი ფედოტოვი (1886-1951) თვლიდა, რომ ამგვარი განწყობა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლით იყო გამოწვეული და რომ „...რუსული ეკლესის ისტორიაში საუკეთესო პერიოდი, მონღოლთა ბატონობის ხანა იყო, როდესაც იგი ხელისუფლებისაგან თავს სულიერად ბევრად უფრო დამოუკიდებლად გრძნობდა და მასში სოციალური ელემენტი მძლავრობდა“31.
არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ ქართული ფეოდალური წყობა და ქართული თეოლოგიური სკოლის თავისუფალი აზროვნების წესი32, რუსული იმპერიული დოქტრინის - ქრისტიანული აღმოსავლეთის ერთგვაროვნებისა რუსეთის პრიმატის ქვეშ - უსაფუძვლობის ცოცხალი მაგალითია. ალბათ ეს გარემოება უნდა მივიჩნიოთ იმის ძირითად მიზეზად, რომ რუსული ოკუპაციის დასაწყისშივე, სწორედ ქართული ეკლესია იქცა რუსული „მართლმადიდებლობის“ ყველაზე მრისხანე შეტევის ობიექტად.
„სლავოფილები“ საფუძველშივე ეწინააღმდეგებოდნენ საკუთრების რომაული სამართლისმიერ გაგებას. ისინი საკუთრებას არ მიიჩნევდნენ აბსოლუტურად და საკრალურად. მესაკუთრე მათთვის იყო მხოლოდ გამგებელი. საკუთრების ევროპული გაგება უცხო იყო რუსული ფეოდალური არისტოკრატიისთვისაც კი. ე.წ. „ზაპადნიკები“ დასავლეთიდან მხოლოდ სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგიით იხიბლებოდნენ. ლიბერალები კი რუსეთში თეორიულად არ მოღვაწეობდნენ და რამდენიმე რეფორმით შემოიფარგლნენ 60-იან წლებში.
30 იხ. Н.А. Бердяев, Истоки и смысл русского коммунизма, М. 1990, გვ 10. (პირველი გამოცემა ლონდონი, 1937).
31 Г. Федотов, Святыя Древней Руси, Париж, 1931.
32 Guram Tevzadze, Ideologie und Kommentar im Mittelalterischen Georgien, (10.-12. Jahrhundert) კრებულში: Der Kommentar in Antike und Mittelalter, neue Beiträge zu seiner Erforschung, Bd. 2. Leiden, 2004. გვ. 163-177
16
რუსი ინტელექტუალების აზროვნების წესი იყო დოგმატური და ტოტალიტარული33. მოკლედ რომ ვთქვათ, რუსი ინტელექტუალები ძირითადად დაკავებულნი იყვნენ სოციალური სამართლიანობის დამკვიდრების საქმეში რუსი ხალხის ამოცანისა და ფუნქციის ძიებით. რუსი ინტელექტუალების სოციალისტურმა განწყობებმა და „მესამე რომის“ ფუნქციის საკრალიზებამ ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა პროლეტარიატის „მესიანისტური“ იდეის ხორცშესხმას.
ეს გარემოება უნდა მივიჩნიოთ იმის მიზეზად, რომ სწორედ რუსეთში გახდა შესაძლებელი XX საუკუნის მთავარი ექსპერიმენტის - მეოთხე წოდების, პროლეტარიატის დიქტატურის - ცხოვრებაში გატარება. რუსული მითი ხალხის სოციალური ფუნქციის შესახებ ადვილად ჩაანაცვლა მითმა პროლეტარიატის ფუნქციის შესახებ.
როდესაც ნიკოლაი ბერდიაევი რუსული კომუნიზმის წარმოშობასა და მნიშვნელობას აანალიზებს, რუსი ხალხის მენტალიტეტს ახასიათებს, როგორც ინდივიდუალიზმს მოკლებულ კოლექტიურ ცნობიერებას. ამას იგი საკუთრების რომაულ-ევროპული გაგების დეფიციტით ხსნის. რუსეთში ითვლებოდა, რომ მიწა უფლის საკუთრებაა და ყოველ ადამიანს აქვს მისი დამუშავებისა უფლება. ანუ სხვა სიტყვებით ადამიანი მას მხოლოდ განაგებს, იგი მხოლოდ მფლობელია. უნდა ითქვას, რომ ამგვარი მიდგომა ძველი აღთქმისეულია და „თანახის“ მოძღვრებიდან მომდინარეობს. საკუთრების ასეთმა დეფინიციამ და მართლმადიდებლობის ტოტალიტარიზმმა კი რუსულ საზოგადოებაში ტიპიურად რუსული მოვლენა - ნიჰილიზმი წარმოშვა, რომელიც შემდეგნაირად ფორმულირდება - სახელმწიფო ბოროტებაა და ძალმომრეობის ინსტიტუტი.
განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს პეტრე 1 მოდერნისტული მოღვაწეობის შედეგების ბერდიაევისეული შეფასებაც34. მისი აზრით, პეტრეს მეთოდები ტიპიურად ბოლშევიკური იყო და რეფორმებმა სოციალური პოლარიზება რუსეთში მხოლოდ გაამწვავა, ვინაიდან ევროპულ ყაიდაზე მცხოვრებ არისტოკრატიასა და აღმოსავლურ ყაიდაზე მცხოვრებ ხალხს შორის გაუცხოვება გამოიწვია. ამის მიზეზად ბერდიაევი იმ გარემოებას მიიჩნევს, რომ რეფორმები მხოლოდ არისტოკრატიით შემოიფარგლა და საყოველთაოდ არ გატარებულა.
როდესაც მარქსიზმის კლასიკოსები ფეოდალიზმზე წერდნენ, ისინი იმ დოგმის ტყვეობაში რჩებოდნენ, რომელიც ფეოდალიზმში მხოლოდ ბატონისა და ყმის ანტაგონიზმს ხედავდა. სხვა სიტყვებით, მარქსიზმს ფეოდალიზმიცა და შემდეგ კაპიტალიზმიც მხოლოდ ბენეფიციურ (ლენურ) ურთიერთობებად წარმოედგინათ ამ სიტყვის ვიწრო გაგებით. მმართველობის უფრო ძველ ფორმებსა და პრინციპულად სხვა ურთიერთობებს კი მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ. კაპიტალისტური საზოგადოების ეკონომიკური სტრუქტურა მათ ასევე ფეოდალური საზოგადოების ეკონომიკური სტრუქტურიდან გამოჰყავდათ35.
33 Н.А. Бердяев, Истоки и смысл русского коммунизма, М. 1990 გვ. 14; 18-30.
34 Н.А. Бердяев, Истоки и смысл русского коммунизма, М. 1990 გვ. 11-17
35 Otto Bruner, სტატია Feudalismus, კრებულში: Otto Brunner, Werner Conze, Reinhard Koselleck (Hrg) Geschichtliche Grundbegriffe, Historisches Lexikon zur politisch- sozialen Sprache in Deutschland, Bd. 2, Stuttgart, 1998, გვ. 347.
17
ამგვარი შეხედულების ტყვეობაში დარჩნენ პრაქტიკოსი მარქსისტებიც და მათი შემოქმედების პროდუქტი - საბჭოთა სახელმწიფო - წმინდად აღმოსავლურ ფეოდალურ, ანუ ლენურ ურთიერთობებზე იდგა. წარმოების საშუალებების გასახელმწიფოებრიობა არ წყვეტდა ბენეფიციუმის არსებობის პრობლემას. ამდენად, ვფიქრობთ, უპრიანი იქნება საბჭოურსა და პოსტსაბჭოურ პრობლემატიკაში პირობითად ფეოდალური ტერმინოლოგიის გადმოტანა და შესაბამისად ბენეფიციური საკუთრებისა და თავისუფალი ანუ სრული საკუთრების ურთიერთობის საკითხის დასმაც.
უნდა ვაღიაროთ, რომ რუსი კომუნისტები ბენეფიციუმის არსებობას რეალობაში ვერ გაექცნენ. ახალი საზოგადოების გარიჟრაჟზე, „წმინდა პროლეტარის“ ხელფასი თვეში 75 მანეთით განისაზღვრებოდა, მაშინ, როდესაც, საშუალო მოხელის ხელფასი 1500 შეადგენდა.
სხვა სიტყვებით, პროლეტარი ისევ „ყმობაში“ დარჩა. ამგვარად საბჭოთა რუსეთი დასაბამიდან „მოხელეთა სახელმწიფოდ“ ჩამოყალიბდა.
შესაბამისად საბჭოთა კავშირის ისტორია პირობითად სამ ეტაპად შეიძლება წარმოვიდგინოთ: 1. „მოხელეთა სახელმწიფო“ და ბენეფიციუმის განკარგვა სტალინამდე, 2. სტალინის ეპოქა და 3. „მოხელეთა სახელმწიფო“ და ბენეფიციუმის განკარგვა სტალინის შემდეგ. აქედან პირველი ორი ეტაპი კოლექტიური ენთუზიაზმის აღმავლობით ხასიათდება.
სტალინური ხანა ძირეულად განსხვავებულ მოვლენად უნდა იქნას მიჩნეული, როდესაც კოლექტიური ენთუზიაზმი და „ხალხის მზრუნველი მამის“ ფხიზელი თვალი ბენეფიციუმს მოხელეთაგან ხელუხლებლად ინახავდნენ და მას სახელმწიფოს საკუთრებაში ტოვებდნენ, ხოლო იოსებ სტალინის სამაგალითო რადიკალური პურიტანიზმი კი სოციალური სამართლიანობის სიმბოლოს განასახიერებდა.
ალოდიური დამოუკიდებლობის ყოველგვარ მისწრაფებას სამაგალითოდ უსწორდებოდნენ. მესაკუთრე-ინდივიდი - აი ბოლშევიზმის ძირითადი საფრთხე და ამიტომ მთავარი მტერიც.
ინდივიდუალიზმის ნიშნები საბჭოთა კავშირში, მხოლოდ განათლებულმა ფენამ, ე.წ. „ინტელიგენციამ“ შეინარჩუნა. ეს წრე ცნება საზოგადოებასთან იქნა იდენტიფიცირებული და ძველი რუსული ტრადიციის შესაბამისად აღიქმებოდა როგორც შუა და არა როგორც საშუალო ფენა. ხაზგასასმელია, რომ ინტელიგენცია საბჭოთა კავშირში წოდებად აღიქმებოდა. აქედან მომდინარეობს ძირითადი შეუსაბამობა საზოგადოების არსის და ცნების გაგებისა პოსტსაბჭოთა მოქალაქის - „Homo Soveticus“ -ის და დასავლეთელი ქალაქელის „Bourgeois“ მენტალობაში.
უნდა ითქვას, რომ „დიადი საბჭოთა ხალხი“ ორმაგ ჩაგვრას განიცდიდა: ეროვნულსა და სოციალურს. მაგრამ რუსი საბჭოთა ინტელექტუალებისათვის ეროვნული საკითხი დღის წესრიგში არ მდგარა. რუსი დისიდენტებისთვისაც კი, აქტუალური მხოლოდ სოციალური უსამართლობის პრობლემატიკა იყო. სახაროვისა და სოლჟენიცინის გამონათქვამები ცხადყოფენ, რომ ეროვნულ საკითხში ისინი ტრადიციული რუსული შოვინიზმის პოზიციებზე დარჩნენ.
ეროვნულად განწყობილი ქართველი ინტელექტუალები კი ძირითადად ემოციებს ეყრდნობოდნენ. ილია ჭავჭავაძის ბურჟუაზიული ხედვა მხედველობის არედან ჰქონდათ გამორჩენილი და მხოლოდ ინდივიდუალიზმის ალეგორიული ქადაგებით იფარგლებოდნენ.
18
ქართველ ინტელექტუალთა ძალისხმევა ძირითადად ხელოვნებაში ვლინდებოდა და ნაკლებად ფილოსოფიას, სოციოლოგიასა თუ პოლიტიკურ მოღვაწეობაში. მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ეროვნული მოძრაობაც შესაბამისად დამოუკიდებლობის ემოციური მოთხოვნით შემოიფარგლა, ხოლო მომავალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს სახელმწიფო მოწყობა და შინაარსი „კოლექტიური ცნობიერების“ მიღმა რჩებოდა და დღემდე ვერ იხილა დღის სინათლე.
ერთი სიტყვით „Homo Soveticus“-ის პატრიმონიალური მენტალიტეტისათვის ცნებები - სახელმწიფო, პოლიტიკა და პოლიტიკოსი - უნიტარიზმსა და ცეზარიზმთან არიან გაიგივებულნი.
უნდა ვაღიაროთ, რომ საბჭოთა კავშირიდან სეპარირების პროცესში ქართველების ქმედების წესი არა „საზოგადოებისათვის“ დამახასიათებელი რაციონალიზმით განისაზღვრებოდა, არამედ „ერთობისათვის“ დამახასიათებელი ემოციურობით. განსაკუთრებულად აღსანიშნავია, რომ ეს განვითარებული მსოფლიოსათვის დამახასიათებელი საზოგადოებრივი ეპოქისა და ე.წ. „მოდიფიცირებული ინდივიდუალიზმის“ აღზევების ხანაში მოხდა. ქართველთა სოციალური ქმედება ეფუძნებოდა ერთობის ტრადიციულ იდეას. ერთობის თემა ლაიტმოტივად იქცა. ეს ეფუძნებოდა საერთო მეხსიერებას, ოჯახურსა და მეგობრულ ერთსულოვნებას. რომელთა გამოხატვა ყოველდღიურობაში, ხელოვნებასა თუ ისტორიოგრაფიაში უმთავრეს ამოცანად იქცა. 70-იანი წლებიდან იგრძნობა ახალგაზრდობის ინტერესის ზრდა ეკლესიის მიმართ. ქრისტიანულობა აღიქმებოდა პროტესტად ათეისტური საბჭოთა კავშირის მიმართ და ეროვნული კუთვნილების ნიშნად.
საზოგადოებრიობის დეფიციტი განსაკუთრებულად მკაფიოდ გამოჩნდა ეთნიკურ უმცირესობებთან ურთიერთობაში. აფხაზების სეგრეგაციის პოლიტიკა აფხაზეთის რუსეთთან შეერთებისთანავე ე.ი 1863 წლიდანვე იდებს სათავეს. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ გარემოებამ საქართველოს მხრიდან ვერავითარი წინააღმდეგობა ვერ ჰპოვა, პირიქით, ქართველთა ქმედება წყალს ასხამდა იმპერიის ჩანაფიქრს. მიზეზი საკმაოდ მარტივია - ქართველთა მხრივ არ არსებობდა სოციალური ინტეგრაციისათვის ეგზომ აუცილებელი ე.წ. „მიმღები საზოგადოება“. პირიქით, ქართველ ინტელექტუალთა ძალისხმევა მიმართული იყო ქართული ერთობიდან აფხაზთა გარიყვისაკენ. ილია ჭავჭავაძის მცდელობები საქართველოში ე.წ. „მიმღები საზოგადოების“ შექმნისა საბოლოო ჯამში მარცხით დამთავრდა და ასეთი საზოგადოება ვერ შესდგა. მართალია ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა მოახერხეს აფხაზეთის 1920 რეფერენდუმის დონეზე კონსტიტუციურად შეერთება, მაგრამ ეს იმდენად ხანმოკლე აღმოჩნდა, რომ ვერავითარ დონეზე ვერ მოესწრებოდა მულტიეთნიკური სოციალური კავშირების შექმნა, რაც მომავალი სოციალურ-პოლიტიკური ინტეგრაციისათვის ძირითად წინაპირობად და საფუძვლად გამოდგებოდა.
ქართველთა ერთობის იდეოლოგების შემოქმედებაში აფხაზურ ეთნიკურ ჯგუფს ადგილი არ ეთმობოდა.36 პირიქით, აფხაზები უცხო ერთობად იქნენ წარმოჩენილნი. ამდენად
36 იხ. პავლე ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, თხზულებათა კრებული 7 ტომად, ტ. 2, თბ. 2009
19
ბრძოლა აფხაზეთისათვის ქართველ ინტელექტუალებს წარმოდგენილი ჰქონდათ ბრძოლად ძირძველი ქართული ტერიტორიისათვის, რომელსაც უცხო ტომის მკვიდრნი დაეუფლნენ და არა ბრძოლად აფხაზური ეთნიკური ჯგუფის ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის. საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე უზომო ენერგია იქნა დახარჯული საერთაშორისო თანამეგობრობისადმი ამ აპელაციით. ქართულმა ისტორიოგრაფიამ დიდი გავლენა მოახდინა საზოგადო აზრის ჩამოყალიბებაზე და ეს გარემოება ქართული საზოგადოების არარსებობის კიდევ ერთი დასტურია.
ამგვარი მიდგომის მიზეზი არა მხოლოდ ქართველ ინტელექტუალთა ირაციონალური ფიქრის წყობაში უნდა ვეძიოთ, არამედ რეჟიმის პოლიტიკაშიც. იმავდროულად აფხაზეთში გამალებულად მიმდინარეობდა პარალელური საზოგადოების ჩამოყალიბება. რუსეთის პოლიტიკის წყალობით „აფხაზი“, რომელიც თვით აფხაზეთის ავტონომიაში საგრძნობ უმცირესობას წარმოადგენდა, წოდებად ჩამოყალიბდა. „აფხაზობა“ სოციალური პრესტიჟი გახდა. თანამედროვე დეზინტეგრაციის თეორიის ავტორები ამგვარ მდგომარეობას რეგიონალური დეზინტეგრაციის წინა პირობად მიიჩნევენ.
ამრიგად, 1992 წ. მომხდარი სამხედრო კონფლიქტი კარგა ხნის დაგეგმილი და მომზადებული იყო. გადაწყვეტილებაც შესაბამისად უკვე მიღებული... მხოლოდ ტექნიკური საკითხიღა რჩებოდა მოსაგვარებელი, კერძოდ, თუ ვინ აიღებდა პასუხისმგებლობას პირველ გასროლასა და აფხაზეთის სეპარაციაზე?
ასე, რომ რეგიონალური დეზინტეგრაცია „მიმღები საზოგადოების“ დეფიციტის შედეგია და გაგებულ უნდა იქნას, როგორც საქართველოს შიდა საზოგადოებრივი და სოციალურ-პოლიტიკური პრობლემა. ამდენად ენდოგენური ფაქტორია, მაგრამ ამავე დროს ეგზოგენურ ფაქტორთან მჭიდრო ურთიერთკავშირში მყოფი. ამგვარი ვითარების მიზეზებისა და გამოხატვის ტენდენციების კვლევა ქართული სოციალური და ისტორიული მეცნიერების გადაუდებელ ამოცანად მიგვაჩნია.
ბოლშევიზმი ძირშივე გამორიცხავს სოციალური ქმედების თავისუფლებას. ყოველგვარ ინდივიდუალიზმს. ბენეფიციური გამგებლობა - მართვის ტექნოლოგიაა, საბჭოთა იმპერიაში არაფორმალურად, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი ფორმალურად. ეს განსაკუთრებულად კარგად გამოჩნდა ჩვენს მიერ აღნიშნულ საბჭოთა ისტორიის მესამე პირობით ეტაპზე ანუ „მოხელეთა სახელმწიფო“ და ბენეფიციუმის განკარგვა სტალინის შემდეგ.
ყოველივე ამან კი თვალნათლივ იჩინა თავი ე.წ. პოსტსაბჭოთა სივრცეში... სადაც მარქსისტულ-ლენინური დოგმები სრულიად გაუაზრებელმა, ვეგეტატიურმა, ეროვნული ინტერესების ეფემერულმა დოგმებმა შესცვალა. ცვლილებები და დემოკრატიულობა გაგებულ იქნა ფეოდალური ბენეფიციუმის განკარგვის ამჯერად ღია და ლეგალურ ფორმად, რომლის „პრივატიზება“ მმართველმა ჯგუფებმა მთავარ მიზნად დაისახეს. სახელწიფო საკუთრება წარმოების საშუალებებზე (ანუ ბენეფიციუმი) ახლა პარტიულად განიკარგება. და ამ მიზანს ემსახურება კანონების სუბიექტური გაგება, ანდა მათი მიღება „post factum“. ერთი სიტყვით
20
სახელმწიფო მანქანა მონაწილეობს საკუთრების განაწილების პროცესში, როგორც სუბიექტი. ნიშანდობლივია, რომ საკუთრების ხელშეუხებლობისა და საკრალურობის პრინციპის დარღვევის ფონზე მმართველ წრეებსაც არა აქვთ „პრივატიზებული ბენეფიციუმის“ სტაბილური მფლობელობის განცდა. შესანიშნავად იციან, რომ ყველაფრის მიუხედავად „პრივატიზებული საკუთრება“ დროებით მფლობელობაში აქვთ, ანუ იქამდე, სანამ ხელისუფლებაში არიან. აქედანვე მომდინარეობს პოსტსაბჭოთა სივრცისათვის ეგზომ დამახასიათებელი „ხელისუფლების პრივატიზებისადმი“ ლტოლვაც.
ყველაზე საგანგაშო კი ის გარემოებაა, რომ მოსახლეობის „კოლექტიური ცნობიერება“ a priori ღებულობს ამ ვითარებას. ამგვარი მიდგომის შედეგია, რომ აი უკვე ოცი წლის განმავლობაში, დემოკრატიზაციის ლოზუნგებით გაბრუებული „პოსტსაბჭოთა მოქალაქეები“, რომელთაც არჩევანის უფლება მიიღეს, მაგრამ არ მოუპოვებიათ, შესაშური ერთსულოვნებით ირჩევენ არა სახელმწიფო მოღვაწეებს, არამედ ბელადებს, უფრო სწორედ კი პატრონებს, სხვა სიტყვებით გადაწყვეტილების მიმღებს, რომელთაგან ისევ პატრიმონიალური მენტალობიდან გამომდინარე ელიან სამსახურს, სოციალურ კეთილდღეობას. შესაშური ერთსულოვნებით ეძებენ ადგილს მზის ქვეშ, საკუთრების საკარგავი ინსტიტუტის საფუძველზე. ამიტომაა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში საკუთრების გადანაწილება დღესაც არ დამთავრებულა, რომ ყოველი ახალი ხელისუფალი ხელახალ გადანაწილებას იწყებს...
ამდენად, როგორც ვთქვით პოსტსაბჭოთა სივრცისათვის დამახასიათებელი სოციალური კონფლიქტი არის ანტაგონიზმი არსებულ რეჟიმებსა და ინდივიდის უფლებებს შორის.
ხელახალი ფეოდალიზაციის პროცესი, სახელმწიფოს მართვა საკარგავის ინსტიტუტის საფუძველზე დასაბამს შევარდნაძის ხანიდან იღებს. ბენეფიციუმი ანუ სახელმწიფოს საკუთრება წარმოების საშუალებებზე ლენური პირობებით გადაეცემოდა მოხელეებს დროებით სარგებლობაში. ფაქტობრივად რუსული кормление - ს სისტემის ანალოგიით. პროცესი ცალსახად კაპიტალის დაგროვების ნიშნით მიმდინარეობდა. არისტოტელეს „ქრემატისტიკა“, რასაც იგი „ეკონომიკისაგან“ ასხვავებს, ბევრად უფრო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ტერმინია ვიდრე ის, რაც იმ პერიოდის საქართველოში ხდებოდა. პირადი გამდიდრება სახელმწიფოს გაღატაკების ხარჯზე. დღეს ამ ხანას დასავლელი პოლიტოლოგები „კლეპტოკრატიად“ მოიხსენიებენ.
ამავე დროს იწყება მოსახლეობის ტოტალური სოციალური პოლარიზაცია. მოთხოვნილება საშუალო ფენაზე კი ისევ რუსულ-საბჭოური მეთოდით იქნა გადაწყვეტილი...
არასამთავრობო ორგანიზაციათა შექმნა, როგორც „მესამე სექტორისა“, მოდერნიზაციის პოლიტიკის შემოქმედთაგან ჩაფიქრებული იყო, როგორც მეტი დემოკრატიის მოთხოვნის ტრენდი ძირითადად ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებისათვის. მათი ფუნქცია ყველა მოქალაქის საზოგადოებრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვა უნდა ყოფილიყო. სხვა სიტყვით იმ „ხვრელების“ ამოვსება, რასაც სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ ახერხებდნენ. ძირეული განსხვავება ბურჟუაზიულ საზოგადოებასა და თანამედროვე არასახელმწიფო ორგანიზაციების მიერ შემოღებულ ტერმინს „სამოქალაქო საზოგადოებას“ შორის სწორედ იმაში
21
მდგომარეობს, რომ საზოგადოება ბურჟუაზიული გაგებით, თავად აყალიბებს იმ სახელმწიფოებრივ წესრიგს, რომელიც ეროვნული სახელმწიფოს ადგილს იკავებს. მრავალი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დამკვიდრებული ტერმინი „სამოქალაქო საზოგადოება“ კი კონიუნქტურით არის ნაკარნახევი და არასამთავრობო ორგანიზაციების როგორც დამოუკიდებელი აქტიორების სახელმწიფოსთან ურთიერთობას გულისხმობს.
ამდენად როდესაც სამოქალაქო საზოგადოება არ იხმარება ბურჟუაზიული საზოგადოების სინონიმად საქმე ცნებების და ფუნქციების აღრევასა და კონიუნქტურასთან გვაქვს. ამან საქართველოში სპეციფიური ტრანსფორმაცია განიცადა, „Citoyen“ -ის მოქალაქეობრივ უფლებებზე ზრუნვა Homo Sovetikus - ის წარმოდგენაში ინტელიგენციის ფუნქციასთან იქნა გაიგივებული. ანუ „არასამთავრობო სექტორი“ აღქმული იქნა საზოგადოებად. სხვა სიტყვებით, ინტელექტუალთა გარემოდ, რომელიც გავლენას ახდენს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე. ამგვარმა მიდგომამ განაპირობა ზურაბ ჟვანიას პირმშოს - ქართული არასამთავრობო სექტორის უკიდურესი კონფორმიზმიც, განსაკუთრებით „ვარდების რევოლუციის“ მიჯნაზე.
სამოქალაქო საზოგადოების ცნებისა და მნიშვნელობის აღრევამ ქართველ პოლიტიკოსთა და ჟურნალისტთა ლექსიკონშიც ჰპოვა ასახვა. ისინი დღემდე ურევენ ცნებებს, ხმარობენ ერთსა და იმავე სიტყვას - „ცივილური“ - მაცივილიზებელის, ანუ ცივილიზებულის მნიშვნელობით და „ცივილური“ - ქალაქურის მნიშვნელობით. ცნება სამოქალაქო საზოგადოება - ბურჟუაზიული მნიშვნელობით ქართულ საზოგადოებაში დღემდე ვერ დამკვიდრდა.
შევარდნაძის ხანაში მძვინვარე სოციალური უსამართლობა, ინდივიდუალური უფლებების აყრა, მოსახლეობამ საკმაოდ დიდ ხანს ითმინა. მედიაში არსებული თითქმის აბსოლუტური აზრის თავისუფლება მართალია ახდენდა გავლენას საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, მაგრამ საზოგადოებრივ აზრს არავითარი გავლენა არ ჰქონდა ყოფიერებაზე.
განვითარების ერთობის საფეხურზე მდგომი მოსახლეობა, რომლის სოციალური ქმედება ტრადიციულად მოტივირებულ ემოციებსა და საკუთრების დაკარგვის შიშს ემყარება მოკლებულია ხელისუფლებაზე გავლენის ყოველგვარ ინსტრუმენტს. მოსახლეობის პოლიტიკური გავლენა საკუთარ ხელისუფლებაზე შესაძლებელია მხოლოდ იმგვარ პირობებში, როდესაც სოციალური ქმედების მიზანმიმართულობა რაციონალურად მოტივირებულ ინტერესთა თანხვედრას და ასევე მოტივირებულ ინტერესთა ურთიერთკავშირს ეფუძნება37. სხვა სიტყვებით საზოგადოებრივ აზრს პოლიტიკური გამოხატვა და გავლენა მხოლოდ განვითარების საზოგადოებრივ დონეზე38 მდგარ სოციალურ ერთობაში შეიძლება ჰქონდეს, რომელიც თავის მხრივ ხელისუფლებისაგან ეკონომიკურად დამოუკიდებელი ინდივიდების, - „გადასახადების გადამხდელებისაგან“, შესდგება.
37 Max Weber, Wirtschaft und Gesellschaft, Tübingen, 1922, გვ. 21-22.
38 Ferdinand Tönnies, Gemeischaft und Gesellschaft, Abhandlung des Communismus und des Sozialismus als Empirischen Culturformen, Leipzig, 1887, გვ. 289-303.
22
უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული არჩევნები ცხადყოფს, რომ ყველა შემთხვევაში ქართველები არჩევნებს უკიდურესად ემოციურად და არა რაციონალურად ეკიდებოდნენ. ყველა შემთხვევაში ერთსულოვნად მისცეს ხმა, მაგრამ არა ვინმეს სასარგებლოდ არამედ წინააღმდეგ, ანუ უარყოფის პრინციპით. კომუნისტების წინააღმდეგ - გამსახურდიას, გამსახურდიას წინააღმდეგ შევარდნაძეს, შევარდნაძის წინააღმდეგ სააკაშვილს... ალტერნატივა ყოველთვის ბოლოჟამს ჩნდებოდა, არჩევანი უკვე დიდი ხნით ადრე იყო გაკეთებული, სადღაც სხვაგან, ინდივიდის ცნობიერების მიღმა... თითოეული ხელისუფალი კი თავისი ქმედებით, ნებსითა თუ უნებლიედ, გზას უხსნიდა შემცვლელს, ჩამნაცვლელს...
ამგვარი მიდგომის შედეგია უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე მოსახლეობის გამუდმებული გაუცხოვების გრძნობა სულ ცოტა ხნით ადრე თითქმის ერთსულოვნად არჩეული ხელისუფლების მიმართ. სხვა სიტყვებით, ხელისუფლების ლეგიტიმურად აღქმის პერმანენტული პრობლემა, რაც ინდივიდუალურ დონეზე შესაბამისად ეგოცენტრულ და არა რაციონალურ, სოციალურ ქმედებაში პოულობს ასახვას. ეს კი სხვა არაფერია თუ არა გამუდმებული სოციალური ანომია.
შევარდნაძის ხანისათვის დახასიათებულია: 1. საკუთრების მარქსისტულ-ფეოდალური გაგება. 2. მოქალაქეთა უფლებრივ - მოვალეობრივი ურთიერთკავშირის სუბიექტური გაგება ხელისუფლების მხრივ. 3. სამართლებრივი წესრიგის პრობლემა და სახელმწიფოს ჩარევა ინდივიდუალური საკუთრებისა და ინდივიდუალურ უფლებებში. 4. მმართველი პარტია მონაწილეობს საკუთრების ფორმირების პროცესში, როგორც სუბიექტი.
სააკაშვილის ხანაში ეს პროცესი დასრულდა, მოხდა ბენეფიციუმის როგორც „Dominium directum” „აპროპრიაცია“, სხვა სიტყვებით საკუთრების განაწილებაში მონაწილეობის მიღების პროცესი „ჩაიკეტა“ ე.ი ეხლა საქმე ეხება ხელისუფლების საშუალებებისა და საკუთრების მონოპოლიზაციას. „Dominium utile” -ს განკარგვაც კი შეუძლებელია თავისუფლად.
ნიშანდობლივია, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ვარდების რევოლუციის“ გმირები და შემოქმედნი ე.წ. მესამე სექტორიდან, ე.ი ე.წ. „სამოქალაქო საზოგადოებიდან“ იყვნენ წარმომავლობით, მათი ქმედების წესი კვლავ ორთოდოქსური ბოლშევიზმის ტყვეობაში დარჩა.
სააკაშვილის ხელისუფლება „დიად მიზნად“ ქვეყნის „მოდერნიზაციას“ აცხადებს. „ტრადიციულსა და საბჭოურ მენტალობას“ დაუნდობელი ბრძოლა გამოეცხადა. „ახალი ადამიანი“ ახალი საზოგადოების საწინდარი უნდა იყოს.
ამგვარი ლოზუნგები კაცობრიობის ისტორიას კარგად ახსოვს და ადამიანის დეჰუმანიზაციას მოასწავებს... ეს მათ შორის 1991 წ. დამარცხებული სისტემის ლოზუნგიცაა. მარქსმა დასვა საზოგადოების, მაგრამ არა პიროვნების საკითხი. ადამიანი მარქსიზმის თანახმად - საზოგადოების ფუნქციაა. ახალი საზოგადოებისა და ახალი ადამიანის შექმნაზე კი პრეტენზიას კომუნიზმი აცხადებდა. კომუნიზმი ადამიანს ახალი საზოგადოების ორგანიზების
23
საშუალებად მიიჩნევდა და არა პირიქით საზოგადოების ახალ ორგანიზებას - საშუალებად ადამიანისათვის39.
ამდენად - „ვარდების რევოლუცია“ თავისი შინაარსით საქართველოსათვის ვერანაირად ჩაითვლება წინგადადგმულ ნაბიჯად, ვინაიდან ყბადაღებული დეკლარაციების მიუხედავად, შინაარსობრივად არანაირი სისტემური ცვლილებები არ მოჰყოლია. მეტიც, ეს კარგად ნაცნობი, ბოლშევიკური მოჯადოებული წრის ერთ ერთი, მხოლოდ შეფერადებული მონაკვეთი გახლავთ და მისი ანტისაბჭოთა რევოლუციად მონათვლა, მხოლოდ ეგზოგენური ფაქტორებით გამოწვეული მდარე ილუზიაა ლევ ტროცკის პერმანენტული რევოლუციის საერთო კონტექსტში.
თანამედროვე სოციოლოგიური მეცნიერება მოდერნიზაციას საზოგადოების, როგორც სოციალური სისტემის განვითარების შემდგომ ეტაპად მიიჩნევს. აქსიომაა - შეუძლებელია იმის მოდერნიზება, რაც არ არსებობს. უკეთ, რომ ვთქვათ პოსტსაბჭოთა სივრცეში მოდერნიზაციად მხოლოდ გასაზოგადოების პროცესის დაწყება შეიძლება ჩაითვალოს. ამ გარემოების იგნორირება კი ავტომატურად ანომიამდე მიგვიყვანს....
მოდერნიზაცია საქართველოს მთავრობას თავისებურად ესმოდა: 1. საყოველთაო ინგლისურის ცოდნა წერა-კითხვის უცოდინრობის დაძლევად ჰქონდათ წარმოდგენილი. 2. მრავალსართულიანი შენობების მშენებლობა - ურბანიზაციად. 3. ხელისუფლების დაბალ ეშელონებში კორუფციის აღმოფხვრა - “Good Governance“. 4 პოლიციის გამჭვირვალე შენობები - მართვის ტრანსპარენტულობად...
ამავე დროს მოდერიზაციის ისეთი ნიშნები, როგორც საბაზრო და სოციალური ეკონომიკა, სამართლებრივი სახელმწიფო, მოქალაქეთა პოლიტიკური თანამონაწილეობა სახელმწიფოს მართვის პროცესში და სოციალური სამართლიანობა ადგილს ვერ პოულობენ.
მოკლედ რომ ვთქვათ, სოციალური პოლარიზაცია ბევრად უფრო გაღრმავდა ვიდრე შევარდნაძის დროს.
მთავრობის თვალსაწიერიდან მოსახლეობა ორად იყოფა „თანამედროვენი“ და “ჩამორჩენილები“. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ბენეფიციური სისტემის პირობებში „თანამედროვენი“ საგრძნობ უმცირესობას წარმოადგენენ.
მთავრობა ხალხს დასცილდა და ვირტუალური კომუნიკაცია და ვირტუალური რეალობა აირჩია. ავტორიტარული და ვირტუალური კომუნიკაცია კი მოდერნიზაციისათვის დამახასიათებელ მოსახლეობასთან უშუალო სიახლოვეს გამორიცხავს. უნდა ითქვას, რომ თანამედროვეობა ვირტუალური კომუნიკაციის მაგალითად ბერლუზკონის მმართველობის სტილს მიიჩნევს.
39 იხ. Н.А. Бердяев, Истоки и смысл русского коммунизма, М. 1990 გვ. 79-83.
24
აღსანიშნავია ისიც, რომ საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ, საქართველოს სამივე პრეზიდენტი მეტ ნაკლები წარმატებით ქვეყნის ავტორიტარული მმართველობის სტილს ირჩევს.
ერთი სიტყვით, „დამოუკიდებლობის“ ოცი წლის შედეგი იმაში მდგომარეობს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში და განსაკუთრებით კი უკანასკნელი 9 წლის მანძილზე დეკლარირებული რეფორმებისა და მრავალმხრივი განვითარების მიუხედავად საქართველოში ჯერაც არ არსებობს ეკონომიკურად დამოუკიდებელ მოქალაქეთა ფენა. ვერ შეიქმნა ეროვნული ბურჟუაზიის ჩანასახიც კი. სხვა სიტყვებით საქართველომ პოსტსაბჭოთა სივრცეში „უბიწოდ“ შეინახა თავი გამარჯვებული „დასავლური“ სისტემის გავლენისა და მისი დამკვიდრებისგან თავის ტერიტორიაზე.
კერძოდ კი „ალოდიურ თავისუფლებებს“ ისევ ებრძვიან. ახლა უკვე სტალინის დროს მიღებული ფიზიკური ანგარიშსწორებისაგან ბევრად განსხვავებული, თანამედროვე მეთოდებით. ეს უპირველეს ყოვლისა პიროვნების აბსოლუტური იგნორირება, მისი ეკონომიკური იზოლირება და ეკონომიკური განადგურებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინდივიდი რჩება ყოველგვარი თვითრეალიზების საშუალების გარეშე. ეს კი უცილობლად სოციალურ დეგრადაციას, სოციალურ სიკვდილს იწვევს.
განსაკუთრებულად ნიშანდობლივია მთავრობის შიდა პოლიტიკა, რაც ფაქტობრივად რუსეთის შიდა პოლიტიკის ანალოგს წარმოადგენს. მთავრობის მიერ დეკლარირებულ დასავლურ ღირებულებებს უპირველეს ყოვლისა გამოხატვა მართვის დემოკრატიულ მოდელში უნდა ეპოვათ. ეს კი ეწინააღმდეგება მმართველობის დამკვიდრებულ ავტორიტარულ, ერთპიროვნულ, თვითნებურ და ერთპარტიულ სტილს. „დემოკრატიზაცია“ ბოლშევიზმის საუკეთესო ტრადიციებში იდეოლოგიად და საკრალურ მიზნად იქნა გამოცხადებული. თუმცაღა ქართული პოლიტიკური ელიტის მესვეურთ მხედველობიდან მარტივი ჭეშმარიტება რჩებად. კერძოდ კი ის გარემოება, რომ დემოკრატია იდეოლოგია არ არის. ეს მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების მეთოდი და საშუალებაა ბურჟუაზიული საზოგადოებების მიერ დამკვიდრებული სოციალური წესრიგის პირობებში 40.
ჩვენის ღრმა რწმენით, ქართველ ინტელექტუალთა კვლევის ძირითად საგანს იმ მიზეზების დადგენა და შესწავლა უნდა წარმოადგენდეს, რამაც განაპირობა საქართველოს სამივე პრეზიდენტის მიერ ავტორიტარული მმართველობის არჩევანი; საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების შესწავლა თანამედროვე სამყაროს დინამიკისა და განსაკუთრებით კი რუსეთის საზოგადოებრივი პრობლემატიკის ფონზე.
დაბოლოს არანაკლებ მნიშვნელოვანია ბოლო ოცწლეულის დამოუკიდებელი მმართველობის შედეგის - რეალური სოციალური ვითარების გაანალიზება, რაც, ჩვენის აზრით, ერთმნიშვნელოვნად დეზინტეგრაციის პროცესად და სოციალურ ანომიად უნდა იქნას შეფასებული.
40 Friedrich A. von Hayek, Die Verfassung der Freiheit, J.C.B.Mohr (Paul Siebeck), Tübingen, 1991, გვ. 125-127.
25
ძირითადი კითხვა კი ალბათ ასე შეიძლება იყოს ფორმულირებული, რამ განაპირობა მოდერნიზაციის მქადაგებელი რეფორმატორი მთავრობის მიერ გასაზოგადოების პროცესის უგულებელყოფა და შიში ეროვნული ბურჟუაზიის წინაშე?
დღევანდელი ინტელექტუალები კი გატაცებულნი არიან კამათით საქართველოში ნეოლიბერალიზმისა თუ სოციალ-დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების თაობაზე. სამწუხაროა, რომ ისინი აბსოლუტურად უგულებელყოფდნენ იმ ანბანურ ჭეშმარიტებას, რომ ევროპული სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგია ლიბერალურ სახელმწიფოებში აღმოცენდა, ხოლო ნეოლიბერალიზმი კი welfare state ე. ი. უზრუნველყოფილი სახელმწიფოების პრობლემებს ასახავს; რომ ორივე შემთხვევაში საფუძველი, შემოქმედებითი და აღმშენებლობითი ძალა სწორედ ბურჟუაზიული საზოგადოების მიერ დამყარებული სოციალური წესრიგის პირობებში დევს. ამრიგად ჩვენი ინტელექტუალებისათვის ეგზომ მომხიბვლელი ახალი ტერმინოლოგია, რომ ვიხმაროთ, დღევანდელ საქართველოში გასაზოგადოების პროცესის გაუთვალისწინებლად სოციალური დემოკრატიისა თუ ნეოლიბერალიზმის მიხედვით სახელმწიფოს მოწყობის მცდელობა „ნეოლენინიზმი“ იქნება. ეს გზა კი აი უკვე ოცი წელია, რაც შეცდომად იქნა მიჩნეული....
ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ მოდერნიზების პოლიტიკა, რომელიც დემონსტრატიულად ტლანქად, სოციალური გრძნობების გათელვის ხარჯზე იწარმოება, განწირულია წარუმატებლობისათვის. მოსახლეობაში ჩნდება ეჭვი მოდერნიზების პოლიტიკის პროგრესულობაში, რაც თავის გამოხატვას ამგვარი პოლიტიკის კრიტიკასა და მიზანშეწონილობის კითხვის ქვეშ დასმაში პოულობს. შედეგები მრავალგვარი შეიძლება იყოს - ნიჰილიზმიდან ფუნდამენტალიზმამდე...
საქართველოს შემთხვევაში მოდერნიზაციის პოლიტიკის კრახი უცილობლად გაამწვავებს არსებულ სოციალურ დეზინტეგრაციას, რაც დიდი ალბათობით რეგიონალური დეზინტეგრაციის პროცესის გავრცობაში შეიძლება გამოვლინდეს.
დავით პაიჭაძე
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,
თბილისი
2011 წლის 06. 12, სამშაბათი
David Paitschadse
26
To the problems of Georgian contemporary history
Summary
The article is an attempt of critical analysis of Georgian latest history for last 20 years, since the break-up of the USSR. Developing processes unambiguously are assessed as processes of political and social disintegration. On the basis of empirical look-out and comparative analysis, as well as using method of qualitative and quantitative generalization, this work endeavours to explain the reasons for the deficiency of socialization and the presence of social and regional disintegration in modern Georgia.
Давид Паичадзе
К вопросу новейшей истории Грузии
Резюме
В статье предпринята попытка критического анализа новейшей истории Грузии, за последний 20 летний период, начиная с распада СССР. Происходящие процессы однозначно оцениваются как процессы политической и социальной дезинтеграции. Нa основе эмпирических наблюдений и сравнительного анализа, а так же, методом квалитативного и квантитавного обобщения в работе предпринята попытка объяснения причин дефицита процесса обобществления и наличия социальной и региональной дезинтеграции в современной Грузии.

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen